ტყეში ხანძრებს სპეციალურად აჩაღებენ?!

ტყეში ხანძრებს სპეციალურად აჩაღებენ?!

საქართველოს ტყეებში მეტად უჩვეულო ხანძრები მძვინვარებს. წელიწადის ამ დროს ტყეში ხანძრის თვითნებური გაჩენა გამორიცხულია, ის კი არა დაბალი ტემპერატურისა და ნესტი გამო, ცეცხლის სპეციალურად დანთებაც კი ჭირს.

 

აქედან გამომდინარე, ჩნდება ეჭვი, რომ ტყეებში ხანძრები სპეციალურად არის გაჩაღებული. მით უმეტეს, რომ არცერთ სამთავრობო უწყებაში ხანძრის გამომწვევ მიზეზებთან დაკავშირებით კონკრეტული პასუხი არ მოეძევებათ. 

 

ხანძრები მძვინვარებს კახეთში, შიდა ქართლში, ქვემო ქართლში, გურიაში, მთიულეთში, იმერეთსა და სამეგრელოში, ანუ მთელ საქართველოში. მოსახლეობა ეჭვობს, რომ ტყეებში ხანძარს მიზამიმართულად აჩაღებენ, რათა შემდგომ ეს ტყეები (დამწვარიც და გადარჩენილიც) გაჩეხონ.

 

მეხუთე დღეა, საქართველოს რეგიონებში ტყეები იწვის. ამჯერად ხანძარი ჩოხატაურის რაიონის სოფელ ბუკისციხეში გაჩნდა.  შემთხვევის ადგილზე მობილიზებულია რეგიონის სამაშველო და სახანძრო სამსახურები. ხანძრის ჩაქრობაში ადგილობრივი მოსახლეობაც მონაწილეობს. სოფლის მცხოვრებლები შიშობენ, რომ ცეცხლი ტყის ახლოს მდებარე სახლებზეც არ გადავიდეს.

 

ჩოხატაურის საკრებულოს თავმჯდომარის ანტონ ხუნდაძის ცნობით, ტყეში გაჩენილია ლოკალური ხანძრები, რომელიც მოსახლეობისთვის საფრთხეს არ წარმოადგენს. ხანძრის გამომწვევი მიზეზი ჯერჯერობით დაუდგენელია. ამ დროისთვის არც ის არის ცნობილი, რა რაოდენობის ფართობზეა ცეცხლი გავრცელებული.

 

ბოლო დღეების განმავლობაში ხანძარი საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში გაჩნდა. ხანძრის კერები კვლავ რჩება ზეკარსა და თელავის რაიონის სატყეო უბნებზე. ზეკარის ტყეში ხანძარის შედეგად, დაახლოებით, 17-18 ჰექტარი ფართობი დაიწვა. თელავის სატყეო უბანზე კი, დამწვარია დაახლოებით 20 ჰექტარი ტყის ფართობი. რთული რელიეფური პირობების გამო ხანძრის ლიკვიდაცია ძნელდება. 

 

ხანძარია ფასანაურისა და ბარისახოს სატყეო უბნებზეც, ზემო სვანეთში, აიფარის სატყეო უბანზე, აგრეთვე, საჩხერისა და ბაღდათის ტყეებში. სატყეო სააგენტოში ჯერ ვერ აკონკრეტებენ, რამ გამოიწვია რეგიონებში ტყის მასობრივი ხანძრები.

 

ხანძრების სალიკვიდაციო სამუშაოებში გარემოს დაცვის სამინისტროსთან, საგანგებო სიტუაციების დეპარტამენტთან, რეგიონულ სამაშველო ძალებთან და ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად, ავიაციაც არის ჩართული.

 

ამ ხუთი დღის განმავლობაში გარდა ზემოთჩამოთვლილი ტყეებისა, ხანძარი გაჩნდა ცხვარიჭამიაშიც, სადაც, დაახლოებით, 10 ჰექტარი ტყის ფართობია დამწვარი. ადგილობრივ სამაშველო სამსახურთან ერთად, ხანძრის ლოკალიზებას რეინჯერები და ადგილობრივი მოსახლეობაც ცდილობდა.

 

თიანეთის რაიონის სოფელ თეთრახევში გაჩენილი ხანძარი კი ერთბაშად 25-30 ჰექტარზეა გავრცელდა. რთული რელიეფისა და მიუვალი ადგილების გამო ხანძრის ჩაქრობა მანქანებით ვერ ხერხდება. ცეცხლს მოსახლეობა სპეციალურ სამსახურებთან ერთად ებრძვის. თიანეთში ხანძარი მე-4 დღეა მიმდინარეობს.

 

ხანძრის კერები კახეთშიც აბრიალდა. ცეცხლი ახმეტის ხეობაში, ტყის მასივს მოეკიდა. როგორც თელავის რაიონის სოფელ ართანას გამგებელმა რამინ კომშიაშვილმა განაცხადა, ცეცხლი 30 ჰექტარ, ფოთლოვანი ტყის მასივზეა მოდებული.

 

“ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში სახანძრო ბრიგადებისგარდა ავიაციაც ჩაერთო. შესაბამისი შტაბი სოფელ ლოპოტაშიგვაქვს. ვერტმფრენები წყალს სწორედ ლოპოტას ტბიდან იღებენ”, - აღნიშნა კომშიაშვილმა.

 

ხანძრის გამოწვევის სავარაუდო მიზეზად დაუდევრობა სახელდება, თუმცა ისევ როგორც ზემოთდასახელებულ შემთხვევებში, ეს მიზეზიც თითიდან გამოწოვილს ჰგავს.