პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ქუთაისში "ნაციონალური მოძრაობის" ყრილობაზე აგრესიული მინიშნებებით ილაპარაკა "ქართულ ოცნებაზე" და ღონისძიებაზე შეკრებილებს შემდეგი სიტყვებით მიმართა: "პირველი მიზანი მათი არის ქუთაისში პარლამენტის დახურვა, ან საკონცერტო დარბაზად გადაკეთება. მე მინდა ყველას ვუთხრა, ვისაც მთელი საქართველოს კერძო საკონცერტო დარბაზად გადაკეთება უნდა, ჩაიკეტოს თავის სტუდიაში და იქ იმღეროს თავისი უნიჭო სიმღერები. ვინც შეჩვეულია თავის კარებში გოლების გატანას, ის ჩვენს კარებს ვერასდროს ვერ აიღებს, იმიტომ რომ აქ მაგარი მეკარეები დგანან." - ამ განცხადებიდან ორიოდე დღეში ინტერნეტში გაჩნდა ბერა ივანიშვილის ახალი სიმღერის ჩანაწერი, სახელწოდებით "ავტოგოლი", რომლმაც უკვე დიდი პოპულარობა მოიხვეჭა. სწორედ ამაზეა ზედგამოჭრილი ნათქვამი: "მე შაირი არ მინდოდა, შენ ამტეხე ძალადაო". ბერა ივანიშვილი გარემოს დაცვის აწ უკვე ყოფილი მინისტრის გოგა ხაჩიძის მერე, მუსიკალურ პასუხს უკვე პრეზიდენტს სცემს. სიმღერის ტექსტი პოლიტიკური შინაარსისაა.
"ქართულად, კაცურად, ალალად მოვედი,
თუ არ გჯერა, დამარქვი პოლიტიკური პროექტი." - იწყებს ბერა და განაგრძობს:
"ჩვენი სიმართლე არის ჩვენი სიმაღლე,
ისე დაბლა დაეცნენ,
რომ იქიდან არ ჩანს,
საქმე კარგად მიდის,
ტურნე-ტურნე იმართება,
თურმე, თურმე პრეზიდენტი
ღრუბელ-ღრუბელ იმალება,
კურდღელს, კურდღელს ჰგავხარ
ნამდვილი ბაჭია,
კამერების წინ, დაცვის უკან ყველა კაცია."
ბერა პრეზიდენტს სიმღერაშივე თავის კონცერტზე ეპატიჟება და მღერის:
"ვინც იჩაგრებოდა სკოლიდან,
როგორ არ გაიქცეოდა ომიდან,
კაცი გახდა, რაც მთავრობაში მოვიდა,
დღეს კარგავს კონტროლს და ვერ გამოდის შოკიდან".
დამეთანხმებით, ტექსტი საკმაოდ მკაცრი და შეურაცხმყოფელია, რამაც აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია. მსმენელთა ნაწილი ფიქრობს, რომ 17 წლის ბიჭი თავს ამდენის უფლებას არ უნდა აძლევდეს, თუმცა სხვა საკითხია, თვითონ ქვეყნის პრეზიდენტი პარტიულ ყრილობაზე, სახალხოდ თუ უნდა არჩევდეს 17 წლის მომღერლის ნიჭიერება-უნიჭობის საქმეს.