ქართველთათვის - სასურველი, უცხოელთათვის - საინტერესო

ქართველთათვის - სასურველი, უცხოელთათვის - საინტერესო

საქართველოს მოსახლეობისთვის ყველაზე სასურველ ქვეყანად საქართველო სახელდება. თურმე ნუ იტყვით და, მიუხედავად იმისა, რომ ყოველ მეორე ქართველს თვალი საზღვარგარეთ გაქცევისაკენ უჭირავს, მოსახლეობის 2/3-ზე მეტი მაინც თვლის, რომ მისი სამშობლო საცხოვრებლად საუკეთესო ადგილია. ამ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, “გაუცვლელი სალი კლდეების” ფენომენი მუშაობს და სამშობლოზე მეტისმეტად შეყვარებულ ქართველებს თავიანთი მიწა-წყალი არაფრის დიდებით ეთმობათ.

 

ამ ქვეყნის მოქალაქეებს, რომ ძალიანაც ეამაყაებათ თავიანთ სამშობლოში ცხოვრება, ეს მარკეტინგული კვლევებისა და კონსულტაციის კომპანია “ეისითის” მიერ ჩატარებული გამოკითხვის მიხედვითაც კარგად გამოჩნდა. კითხვაზე თუ რომელ ქვეყანაში იცხოვრებდნენ, რესპონდენტების 68%-მა პირველ რიგში საქართველო დაასახელა.

 

უმრავლესობისთვის ყველაზე სასურველი სწორედ მათი სამშობლოა. შემდეგ მოდის იტალია და საფრანგეთი, რომელიც უსწრებს ამერიკის შეერთებულ შტატებს, სადაც ცხოვრებას გამოკითხულთა მხოლოდ 3% ისურვებდა, რუსეთში ცხოვრების მსურველთა რაოდენობამ კი ერთი პროცენტიც არ შეადგინა.

 

საინტერესოა, რომ თავად რუსეთში სუპერჯობ.რუ-ს მიერ სექტემბერში გამოკითხული 1000 რესპონდენტიდან 73% დაუყოვნებლივ დატოვებდა თავის ქვეყანას, ამის შესაძლებლობა რომ ჰქონდეს. ასე რომ, ქართველებისა და რუსების დამოკიდებულება თავიანთი ქვეყნისა და პატრიოტული გრძნობების მიმართ, ყველასთვის აშკარაა შეიქნა.

 

მარკეტინგული კვლევებისა ორგნიზაცია „ეისითიმ“ 2010 წლის ოქტომბერში გამოიკითხა თბილისისა და რეგიონების 1200 ზრდასრული მაცხოვრებელი. ასეთი გამოკითვისთვის, ეს საკმაოდ კარგი რაოდენობაა. მონაცემთა სტატისტიკური ცდომილება არ აღემატება 2,9%.

 

თავად კომპანია “ეისითი” 2002 წელს დაარსდა, როგორც მარკეტინგული კვლევებისა და კონსულტაციის კომპანია. ამჟამად იგი მარკეტინგული კვლევებისა და კონსულტაციის მოწინავე კომპანიაა.

 

სხვათა შორის, საქართველო მხოლოდ ქართველებს არ მიაჩნიათ ცხოვრებისთვის სასურველ ქვეყნად. ისტორიულ დოკუმენტებში დაცულ უცხოელთა შეფასებებს რომ თავი დავანებოთ, დღესდღეობითაც ჩვენს ქვეყანაში უამრავმა უცხოელმა დაიდო ბინა და მიუხედავად ქვეყანაში შექმნილი პოლიტიკურ-ეკონომიკულ-სოციალურ-მატერიალური პრობლემებისა, თავს ჩინებულად გრძნობენ და არსად წასვლას არ ეშურებიან.

 

არც შორიდან მომზირალი უცხოელები გვაშორებენ თვალს. ისინი ხშირად სწავლობენ აქაურ ვითარებას. ჰოდა, ავტორიტეტულმა შვეიცარულმა ბანკმა „კრედიტ სვისმა“ საკუთარ ანგარიშში საქართველო მეტად საინტერესოდ მოიხსენია.  შვეიცარეების აზრით, საქართველოს მოსახლეობა პოსტსაბჭოთა ქვეყნებს შორის კეთილდღეობის დონით ლიდერია.

 

“კრედიტ სვის”-ის კვლევებიდან ირკვევა, რომ საქართველოს მოქალაქეების ქონების საშუალო ღირებულება 13 ათას დოლარს შეადგენს. შედარებისთვის, რუსეთის მოქალაქეების 10 ათასს, ბელორუსების ექვსს შეადგენს. ყველაზე ცუდი მაჩვენებელი მოლდოვას აღმოაჩნდა. მოლდოველებს, საშუალოდ, 2500 დოლარის ღირებულების ქონებრივი მდგომარეობა აქვთ.

 

რამდენად შეესაბამება შვეიცარული ბანკის კვლევები სინამდვილეს თითოეულმა ქართველმა თავად განსაჯოს.