შპს „სინათლის ქალაქის“ თანამშრომლებმა აქციაში „გაიღე სისხლი გადაარჩინე სიცოცხლე“ მონაწილეობა მიიღეს და ,,წმინდა იონე მოწყალის სახელობის პრივატ კლინიკაში“ სისხლი უანგაროდ ჩააბარეს. აქციაში მონაწილეობა კომპანიის 30-მდე თანამშრომელმა მიიღო.
„სინათლის ქალაქის“ დირექტორის, ვასილ ხორავას განცხადებით, თანამშრომელთა თხოვნით, კომპანიამ ,,ჰემატოლოგიისა და ტრანსფუზიოლოგიის სამეცნიერო კვლევით ინსტიტუტს” აქციაში ჩაბმის წინადადებით მიმართა და დღეს „სინათლის ქალაქის“ აპარატის თანამშრომლებმა და ხელმძღვანელობამ სისხლი ჩააბარეს.
ვასილ ხორავამ მსგავსი აქციების მნიშვნელობაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ თითოეული ადამიანის ვალია გაიღოს სისხლი სხვების გადასარჩენად.
„დღესდღეობით უამრავ ადამიანს ესაჭიროება სისხლის გადასხმა, მათ შორის სამწუხაროდ, მცირეწლოვან ბავშვებსაც, ამიტომ ვთვლი, რომ შეძლებისდაგვარად, თითოეულმა ადამიანმა უნდა გაიღოს სისხლი, რათა ერთად გადავარჩინოთ თუნდაც ერთი სიცოცხლე“- განაცხადა ვასილ ხორავამ.
„სინათლის ქალაქის“ დირექტორის თქმით, მსგავს საქველმოქმედო აქციებში კომპანია მომავალშიც მიიღებს მონაწილეობას.