თიბისი ბანკის სათავო ოფისში (მარჯანიშვილის 7) გაიმართება პრეს-კონფერენცია, რომელზეც თიბისი ბანკის გენერალური დირექტორი, ვახტანგ ბუცხრიკიძე 2014 წლის შედეგებს შეაჯამებს.
2014 წლის განმავლობაში თიბისი ბანკის ძირითადი მიღწევები ასე გამოიყურება:
თიბისი ბანკი გახდა #1 ბანკი საცალო ბაზარზე - ფიზიკური პირების დეპოზიტებისა და სესხების მიხედვით (33,7% -იანი წილი დეპოზიტების ბაზარზე, ხოლო 29,7%-იანი წილი სესხების ბაზარზე)
განახორციელა ქართულ კომპანიებს შორის ყველაზე მსხვილი განთავსება ლონდონის საფონდო ბირჟაზე
წარმატებით დაასრულა ბანკი კონსტანტას შერწყმა და გაზარდა მიკროფინანსირების პორტფელი 40 მლნ-მდე ლარით
ძირითადი ფინანსური მაჩვენებლები 2014 წლის განმავლობაში დინამიურად გაიზარდა და მაქსიმალურ შედეგს მიაღწია. კერძოდ, 2014 წლის დეკემბრის მდგომარეობით, მთლიანი აქტივები გაიზარდა 5 მილიარდ 423 მილიონ ლარამდე, კლიენტებზე გაცემული სესხების ოდენობა 3 მილიარდ 706 მილიონ ლარამდე, კლიენტების ანგარიშებმა მიაღწია 3 მილიარდ 322 მილიონ ლარს, ხოლო სააქციო კაპიტალმა 1 მილიარდ 19 მილიონ ლარს.
საცალო სესხები 2014 წლის მანძილზე 38.0%-ით გაიზარდა, ხოლო საცალო დეპოზიტები 22,8%-ით. კორპორატიულ სესხებში წლიურმა ზრდამ 6,4% შეადგინა, ხოლო დეპოზიტებში 1,6%.
36%-იანი ზრდა იყო მცირე და საშუალო ბიზნესის სესხებში, ხოლო დეპოზიტებში 12,4%.
რაც შეეხება მიკრო სეგმენტს, ბანკი კონსტანტას შერწყმის შემდეგ მიკროფინანსირება თიბისი ბანკის ერთ-ერთი პრიორიტეტულ მიმართულებად ჩამოყალიბდა. შედეგად, თიბისი ბანკმა მიიღო გადაწყვეტილება, შეესყიდა პროკრედიტ ბანკის 40 მილიონ ლარამდე მოცულობის სასესხო პორტფელი, რაც მისცემს მას საშუალებას განვითარდეს რეგიონებში და გაზარდოს ბაზრის წილი მიკრო სეგმენტში.
2014 წელს თიბისი ბანკმა განახორციელა ქართული კომპანიის ყველაზე მსხვილი IPO (აქციების განთავსება) ლონდონის საფონდო ბირჟაზე. IPO-ს შედეგად თიბისი ბანკმა მოიზიდა 259 მლნ დოლარი და კომპანიის ღირებულება გაზარდა 640 მლნ დოლარამდე.
2014 წელს მოხდა ცვლილება თიბისი ბანკის მენეჯმენტში. სხვადასხვა მიმართულებების სამართავად თიბისი ბანკმა მსოფლიოს წამყვანი ბანკების (Barclays, Deutsche Bank, Unicredit Group ) ტოპ მენეჯერები მოიწვია: გიორგი თხელიძე - რისკების მართვის დირექტორად, ნიკოლოზ ქურდიანი - მიკრობიზნესის მართვის დირექტორად, დავით წიკლაური - კორპორატიული საბანკო ბიზნესის მართვის დირექტორად.
2014 წელს თიბისი ბანკმა არაერთი აღიარება მოიპოვა სხვადასხვა პრესტიჟული უცხოური გამოცემებისგან:
Global Finance, Euromoney, EMEA Finance და The Banker and PWM.
თიბისი ბანკის სახით, ქართულმა ბანკმა პირველად მიიღო ჯილდო ორ კატეგორიაში: საუკეთესო პერსონალური საბანკო მომსახურება (The Banker and PWM) და საუკეთესო სოციალური პასუხისმგებლობის მქონე ბანკი (EMEA Finance Europe Banking Awards).
2014 წელს თიბისი ბანკი აქტიური იყო სოციალური პასუხისმგებლობის მიმართულებით. ბანკმა განახორციელა რამდენიმე მსხვილი პროექტი, ტრადიციულად, კულტურისა და ხელოვნების მხარდასაჭერად. კერძოდ, ლიტერატურული პრემია „საბას“ დაჯილდოებისთვის შექმნა ექსკლუზიური პროექტი „ეპოქის ხმები“, რომელიც „ოქროს ფონდის“ ჩანაწერებზე აიგო და რომლისთვისაც ქართველმა ხელოვანებმა შექმნეს მუსიკალური ნაწარმოებები, ქორეოგრაფიული ნომრები და ორიგინალური მხატვრობა. დაჯილდოების ცერემონია იყო ერთ-ერთი გრანდიოზული „ საბას“ ისტორიაში.
2014 წელს თიბისი ბანკმა გააგრძელა მის მიერ ინიცირებული კულტურული და საზოგადოებრივი მნიშვნელობის პროექტების დაფინანსება, მათ შორის ელექტრონული წიგნების სახლი „საბა“, არხი კულტურაზე „არტარეა“, ასევე დააფინანსა ქართველი ხელოვანების საზღვარგარეთ პოპულარიზაციის არაერთი ინიციატივა და შექმნა თანამედროვე ხელოვანთათვის თავისუფალი არტ სივრცე, პირველი „არტ კედელი“ ქალაქში. ამავე წელს პირველად საქართველოში, თიბისი ბანკის სახით, კერძო ბიზნესი ჩაერთო კინოს დაფინანსებაში და კინოცენტრთან ერთად განხორციელდა ერთობლივი პროექტი.