ფეხბურთელ გიორგი დემეტრაძის სასამართლო პროცესზე კვლავ ბრალდების მოწმეები დაიკითხნენ. მოსამართლე დაცვის მხარის შუამდგომლობას იმ მოტივით არ აკმაყოფილებს, რომ „ამ ეტაზე საჭიროდ არ მიიჩნევს“.
ოპოზიციონერი სანდრო ბრეგაძე აცხადებს, რომ გიორგი დემეტრაძე ხელისუფლების მძევალია და ის კახი კალაძეზე შურისძიების მიზნით დააპატიმრეს.
სასამართლომ პატიმრობაში მყოფი ცნობილი ფეხბურთელის გიორგი დემეტრაძის ადვოკატების შუამდგომლობა დაცვის მხარის მოწმეთა დაკითხვის თაობაზე არ დაკმაყოფილა.
როგორც „პირWელს“ დემეტრაძის უფლებების დამცველმა მარიკა ფხალაძემ აცნობა, სასამართლო მხოლოდ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მოწმეების - შს სამინისტროს თანამშრომლების დაკითხვით არის დაკავებული.
„სასამართლო პროცესზე პატრულის კიდევ ორი თანამშრომელი დაიკითხა, რომლებმაც გაგნიძის დაკავებაში მიიღეს მონაწილეობა. პროკურატურას კიდევ 11 მოწმე ჰყავს, მათგან 10 პოლიციის თანაშრომელია. გარდა ლურსმანაშვილისა, რომელმაც სადავო თანხა მოიგო, ბრალდებას ნეიტრალური მოწმე არ მოეპოვება. მათი დაკითხვის შემდეგ ბრალდებულები დაიკითხებიან“, - განაცხადა ფხალაძემ და დასძინა, რომ მოსამართლემ დაცვის მხარის შუამდგომლობა იმ მოტივით არ დააკმაყოფილა, რომ „ამ ეტაზე ეს საჭიროდ არ მიიჩნია“.
შეგახსენებთ, რომ წინა პროცესზე სასამართლომ შს სამინისტროს თანამშრომელი ბესიკ მჩითავიშვილი დაკითხა, რომელიც ჩანაწერების შედგენასა და სატელეფონო საუბრების მოსმენაზე უშუალოდ მუშაობდა.
მომდევნო პროცესი 30 დეკემბერს, 10:00 საათისთვისაა ჩანიშნული.
ცნობილი ფეხბურთელი გიორგი დემეტრაძე, ასევე დავით გაგნიძე და სოდ-ის ყოფილი მაღალჩინოსანი კახა მისირელი „ქურდული ტრადიციების მიმდევრობის“ ბრალდებით მიმდინარე წლის 9 ივლისს დააკავეს. დემეტრაძის საქმის არსებითი განხილვა თბილისის საქალაქო სასამართლომ 2 ნოემბერს დაიწყო.
საქალაქო სასამართლომ მათ ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. დაკავებიდან რამდენიმე დღეში მისირელი პატიმრობიდან სამედიცინო ცნობის საფუძველზე გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს. მისი საქმე ცალკე წარმოებად გამოიყო.
ყველა მათგანის ბრალდება „ქურდული ტრადიციების მიმდევრობა“, 7- წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. გაგნიძეს დამატებით იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვაშიც ადანაშაულებენ. ფეიქრიშვილი, დემეტრაძე, გაგნიძე და ყიფიანი დანაშაულს არ აღიარებენ.
შეგახსენებთ, რომ საქმე ეხება 2010 წლის ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატთან დაკავშირებით ე.წ. „მაზავშჩიკებთან“ მოგებულ თანხებს. გამოძიების ვერსიით, თანხების ამოღებაში მოგებულებს „ქურდული ტრადიციების მიმდევრები“, კერძოდ, აღნიშნული პირები ეხმარებოდნენ. მოგებული თანხის ნაწილი ე.წ. ქურდულ „ობშიაკშიც“ მიდიოდა.
მისირელს, ფეიქრიშვილს, დემეტრაძესა და გაგნიძეს წინასწარი ორთვიანი პატიმრობა 8 ივლისს შეეფარდათ. მოგვიანებით მისირელს აღმკვეთი ღონისძიება დაპატიმრება გირაოთი შეეცვალა. დაპატიმრებულები ფეიქრიშვილი, დემეტრაძე და გაგნიძე გლდანის #8 საპყრობილეში არიან გადაყვანილი.
დაუსწრებლად დაპატიმრება ვატო ყიფიანსაც შეეფარდა. მასზე ძებნა გამოცხადდა.
„კახი კალაძეს ხელისუფლებამ ვერ აპატია მის წინააღმდეგ გაკეთებული განცხადებები, ამიტომ სამაგიერო ახლო მეგობრის დაჭერით გადაუხადა; აქ კიდევ სხვა მომენტებიც არის, რომელზეც დღეს ვერ ვისაუბრებ“, – აცხადებს ბრეგაძე და დარწმუნებულია, რომ დემეტრაძე ქურდული ტრადიციების მიმდევარი არ არის.
„დემეტრაძე უბრალოდ კარგად იცნობს იმ კანონიერ ქურდებს, რომლებსაც უკრაინის არჩევნების დროს ხელისუფლებასთან ჰქონდათ კავშირი და პირდებოდნენ ხელისუფლების წარმომადგენლებს, რომ არჩევნებში ტიმოშენკო გაიმარჯვებდა.
გიორგი დემეტრაძე არის შურისძიების მსხვერპლი და ამას ღიად და ხმამაღლა ვაცხადებ. დემეტრაძე დღეს უკანონო პატიმარია და ამ რეჟიმის მძევალია“, – აცხადებს სანდრო ბრეგაძე.