სოფლის მეურნეობის სამინისტროს, ავსტრიის განვითარების სააგენტოს (ADA) და გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) ინიციატივით, გაიმართა შეხვედრა თემაზე ,,ცხოვრებისათვის ნაკლებად სახარბიელო ტერიტორიების კრიტერიუმების განსაზღვრა“. შეხვედრის მიზანს წარმოადგენდა საქართველოში ცხოვრებისათვის ნაკლებად სახარბიელო ტერიტორიების - მაღალმთიანი რეგიონების, საზღვრისპირა ტერიტორიების და ეკონომიკურად დაბალაქტიური რაიონების კრიტერიუმების განსაზღვრას, დადგენას და შემდგომში აღნიშნული რეგიონებისთვის სპეციალური პროექტების შემუშავებას.
სამუშაო შეხვედრა სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, ნოდარ კერესელიძემ გახსნა. მინისტრის მოადგილემ საქართველოში მაღალმთიანი რეგიონების განვითარების მნიშვნელობაზე ისაუბრა.
,,ჩვენ გავეცანით ევროკავშირის გამოცდილებას შედარებით დაბალი ეკონომიკური აქტივობის რეგიონების, მაღალმთიანი რაიონების, ასევე მოწყვლადი ჯგუფების განვითარების მიმართულებით. განვიხილეთ თუ რა პრაქტიკა არსებობს ევროპაში ამ ჯგუფების ეკონომიკურ აქტივობაში ჩართულობისთვის. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ამ გამოცდილების გაზიარება, რადგან საქართველო გამოირჩევა მაღალმთიანი ზონებით და სხვადასხვა ტიპის მოწყვლადი ჯგუფებით. ჩვენ ევროპის გამოცდილების გაზიარებით, შევძლებთ შევიმუშაოთ სპეციალური პროგრამები, რათა მოხდეს საქართველოში ნაკლებად სახარბიელო ტერიტორიებზე მცხოვრები მოსახლეობის მიგრაციის პროცესის შეჩერება და ცხოვრების პირობების გაუმჯობესება“, - განაცხადა ნოდარ კერესელიძემ.
შეხვედრაზე ავსტრიის სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაქვემდებარებული კვლევითი ინსტიტუტის ექსპერტმა, კლაუს ვაგნერმა პრეზენტაცია გამართა ევროკავშირში ნაკლებად სახარბიელო ტერიტორიების მხარდაჭერის კრიტერიუმებზე, პოლიტიკაზე და გამოცდილებაზე.
,,ცხოვრებისათვის ნაკლებად სახარბიელო რაიონების საკითხს ევროპაში ძალიან დიდი ყურადღება ეთმობა. ასეთ რაიონებში მრავალი მეურნეობაა განლაგებული, რომელთათვისაც ევროკავშირისგან დაფინანსებაა გამოყოფილი. გვინდა განვიხილოთ ის ნაბიჯები, რომლებიც უნდა გადადგას საქართველომ, რათა სასოფლო-სამეურნეო რაიონებში გაიზარდოს ცხოვრების დონე. ჩვენ გაგიზიარებთ ევროპის გამოცდილებას ამ მიმართულებით, ასევე განვიხილოთ თუ რა სიტუაციაა საქართველოში ამ თვალსაზრისით“, - განაცხადა კლაუს ვაგნერმა.
შეხვედრის ბოლოს გაიმართა დისკუსია, სადაც საქართველოში მაღალმთიანი რეგიონების, საზღვრისპირა ტერიტორიების და ეკონომიკურად დაბალაქტიური რაიონების კრიტერიუმების განსაზღვრისთვის საჭირო მონაცემების შეგროვება, ხელმისაწვდომობა და კრიტერიუმების დადგენის მნიშვნელობა განიხილეს.
ღონისძიებას ესწრებოდნენ საქართველოს პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე გიგლა აგულაშვილი, ევროკავშირის წარმომადგენლობის სოფლის მეურნეობის ატაშე ხუან ეჩანოვე, სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) წარმომადგენელი მამუკა მესხი, სოფლის მეურნეობის და რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტროების, ,,საქსტატის“ და აგრარული უნივერსიტეტის წარმომადგენლები.
სამუშაო შეხვედრა ევროპის სამეზობლო პროგრამის სოფლისა და სოფლის განვითარებისთვის (ENPARD) ფარგლებში გაიმართა.