"სენტას" დამფუძნებლებმა მომხმარებლებს კომპანიის სამომავლო გეგმები დღეს სასტუმრო „რედისონშ“ გამართულ პრეზენტაციაზე გააცნეს.
პრეზენტაციას საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატები, თბილისის მერი დავით ნარმანია და ეკონომიკური ექსპერტები ესწრებოდნენ.
როგორც კომპანიის დამფუძნებლებმა განაცხადეს, ეს „სენტა ჯგუფის“ მიერ გამართული პირველი პრეზენტაციაა, მიუხედავად იმისა, რომ ბიზნესსაქმიანობა 1990-იანი წლებიდან იღებს სათავეს.
„წელს ბიზნესის სფეროში ჩვენს საქმიანობას 20 წელი უსრულდება და რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, მეორედ გვიხდება ფეხის ადგმა. ყოფილმა ხელისუფლებამ ჩვენს მიერ რუდუნებით აწყობილ ბიზნესს თვალი დაადგა და ყოველგვარი ცერემონიის გარეშე დაიწყო ჩვენი აქტივების ექსპროპრიაცია. დაგვაპატიმრეს და გლდანის ავადხსენებულ ციხეში გამოგვკეტეს. მუქარით, შანტაჟითა და ძალადობით, რომელიც ციხეში ორი თვე გაგრძელდა, ჩვენი კუთვნილი აქტივები კომპანია „გალფის“ სასარგებლოდ დაგვათმობინეს, რომლის უკანაც ამჟამად ძებნილი დავით კეზერაშვილი იდგა. მაშინ ჩვენ სხვა გზა არ გვქონდა. ხსნა არსაიდან ჩანდა - ჩვენს გამო საფრთხე უკვე ჩვენი ოჯახის წევრებს ემუქრებოდა.
საბოლოოდ ციხეს თავი დავაღწიეთ და ოჯახებიც ვიხსენით, მაგრამ დავკარგეთ ყველაფერი და ნაციონალური ხელისუფლების შეცვლამდე არაერთი შეურაცხყოფისა და დამცირების გადატანა მოგვიხდა, - განაცხადა "სენტა პეტროლიუმის" თანადამფუძნებელმა და დირექტორმა ზაალ იაკობიძემ.
ამასთან, პრეზენტაციაზე ხაზგასმით იქნა აღნიშნული, რომ არ ყოფილიყო ახალი მთავრობის ურყევი ნება, ბიზნესის წნეხისაგან განთავისუფლების შესახებ, „სენტა“ ვერ მოახერხებდა საქმიანობის ხელახლა დაწყებას.
თბილისის მერმა დავით ნარმანიამ კომპანიას წარმატებები უსურვა და აღნიშნა, რომ როგორც თბილისის მერმა პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, „სენტას“ მაგალითზე კარგად ჩანს, როგორ შეიძლება დიდი შრომის წყალობით, კომპანიამ ნოლიდან დაიწყოს ყველაფერი და მიაღწიოს წარმატებას“.
„ყველას გვახსოვს ის ავადგასახსენებელი წლები, როდესაც კომპანიას წარმატებას არ პატიობდნენ, თუ მათიანი ან მათი გუნდის წევრი არ იყავი. ყველამ ვიცით, როგორ მთავრდებოდა ასეთ შემთხვევებში და "სენტას" ამ მხრივ გამონაკლისი როგორც ჩანს, არ აღმოჩნდა. საბედნიეროდ, ხელისუფლების შეცვლის შემდეგ, სამართლიანობა აღდგა და თქვენ შეძელით რომ სააშკარაოზე გამოგეტანათ ეს ყველაფერი, მთავარი არის ის, რომ ხელისუფლება მინიმალურად ჩაერიოს ბიზნესში. გისურვებთ წარმატებას და ყოველთვის მიგულეთ თქვენ გვერდით“, - აღნიშნა თბილისის მერმა.
ამასთან, პრეზენტაციაზე აღინიშნა, რომ "სენტა" არ ღალატობს თავის ტრადიციულ ფილოსოფიას და საწვავის რეალიზაციას შესაძლებლობის ფარგლებში მაქსიმალურად დაბალ ფასში გეგმავს. კომპანიას საქართველოში საწვავი უკვე შემოტანილი აქვს და მის რეალიზაციას საბითუმო ბაზრის გარდა, ბათუმსა და ქუთაისში საცალო ქსელში ეწევა. დღეისათვის „სენტას“ საცალო ფასი მაგალითად „გალფთან“ შედარებით დიზელზე 20 თეთრით, ხოლო ბენზინზე 10-15 თეთრით იაფია. თებერვალში დაგეგმილია ავტოგასამართი სადგურის თბილისში გაშვება, რასაც ეტაპობრივად მოჰყვება საქართველოს სხვა ქალაქებში შესვლა.