რუსეთში გასატანი პროდუქციის ჩამონათვალს, რომელიც 2013 წლის გაზაფხულიდან ეტაპობრივად იზრდება, მაღალი ფიტოსანიტარიული რისკის მცენარეული პროდუქტი - მწვანილი შეემატა. აღნიშნული გადაწყვეტილება ბერლინის "მწვანე კვირეულზე" მიიღეს, სადაც სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსმა ზაზა დოლიძემ და "როსსელხოზნადზორის" ხელმძღვანელმა სერგეი დანკვერტმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას - "საქართველოდან რუსეთის ფედერაციაში ფიტოსანიტარიულ კონტროლს ქვემდებარე პროდუქციის (მწვანილი) ექსპორტის განხორციელებისას სურსათის ეროვნულ სააგენტოსა და "როსსელხოზნადზორს" შორის ურთიერთობის პირობები".
შეთანხმების თანახმად, სურსათის ეროვნული სააგენტოსა და "როსსელხოზნადზორის" წარმომადგენლები მწვანილის ექსპორტის ფიტოსანიტარიული სერტიფიცირების განსახორციელებლად ჩაატარებენ ერთობლივ ფიტოსანიტარიულ პროცედურებს.
აღნიშნული პროცედურების გაცნობის მიზნით, სურსათის ეროვნულ სააგენტოში გაიმართა შეხვედრა მწვანილის ექსპორტიორებთან. სააგენტოს წარმომადგენლებმა მათ დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს იმ მოთხოვნების შესახებ, რომელსაც უნდა აკმაყოფილებდეს ქართული მწვანილი; გააცნეს ექსპორტისათვის საჭირო დოკუმენტაციის ჩამონათვალი და მცენარეული წარმოშობის პროდუქციის ექსპორტის განსახორციელებლად აუცილებელი მოთხოვნები (იხილეთ მიმაგრებული ფაილი).
ექსპორტიორებისათვის დამატებითი ბარიერების მოხსნის მიზნით, სურსათის ეროვნულ სააგენტოში მუშავდება ერთი ფანჯრის პრინციპი და მწვანილის ექსპორტით დაინტერესებულ პირებს საშუალება ექნებათ, ერთ ადგილას აიღონ ფიტოსანიტარიული და წარმოშობის სერტიფიკატები, გაიარონ საბაჟო პროცედურები.
სააგენტოს წარმომადგენლები მწვანილის ექსპორტიორების უკეთ ინფორმირებისა და ვითარების გაცნობის მიზნით, რამდენიმე დღეში წყალტუბოში ჩავლენ.