"სენტა პეტროლიუმი" ქართულ ბაზარზე ბრუნდება

კომპანიას საქართველოში საწვავი უკვე შემოტანილი აქვს და მის რეალიზაციას საბითუმო ბაზრის გარდა, ბათუმსა და ქუთაისში საცალო ქსელში ეწევა, თუმცა "სენტა" ოფიციალურ პრეზენტაციას 27 იანვარს გეგმავს, სადაც მომხმარებლებს სამომავლო გეგმებზე ინფორმაციას მიაწვდის.

კომპანია უწინდელ ფილოსოფიას და მიმართულებას ინარჩუნებს და საწვავის რეალიზაციას შესაძლებლობის ფარგლებში მაქსიმალურად დაბალ ფასში გეგმავს. საცალო ქსელის არარსებობის პირობებში კომპანია უკვე შემოტანილი საწვავის რეალიზაციას ძირითადად საბითუმო ბაზარზე გეგმავს, თუმცა აღნიშნულის გამოსწორებას "სენტა" მომხმარებელს უახლოეს პერიოდში პირდება და თბილისში, რამდენიმე ავტოგასამართი სადგურის იჯარით აღებას გეგმავს.

"წინა პერიოდისგან განსხვავებით, როდესაც იმ კომპანიების მიერ შეუძლებელი იყო საწვავის შემოტანა, რომლებიც ნაციონალური ხელისუფლების ფავორიტები არ იყვნენ,  ახლა საკმაოდ კონკურენტუნარიანი გარემოა შექმნილი. იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენი მთელი ქონება, რომელიც კეზერაშვილის თაოსნობითა და უშუალო მონაწილეობით კომპანია "გალფმა" მიითვისა, არ გვაქვს შესაძლებლობა ქართულ ბაზარზე ოპერირება ავტოგასამართი სადგურების ძველი რაოდენობით მოვახდინოთ. ამიტომ პრაქტიკულად თავიდან ვიბადებით. ჩვენი მიმართულება და ფილოსოფია ასეთია – მოგების მინიმალური მარჟები და მაქსიმალური გაყიდვები, შესაძლებლობების ფარგლებში ფასთაშორის მინიმალური სხვაობით", – განაცხადა "სენტა პეტროლიუმის" თანადამფუძნებელმა და დირექტორმა ზაალ იაკობიძემ.