ევროპარლამენტის პრესკლუბის ფოიეში არასამთავრობო ორგანიზაცია "ყველა თაობა საქართველოსთვის" თავმჯდომარის გია სალუქვაძის ორგანიზებით ფილმის ჩვენება მოეწყო.
ფილმი ბოლო პერიოდში საქართველოში მომხდარ გახმაურებულ საქმეებს ეხებოდა. გია სალუქვაძის ინფორმაციით გამოფენა ბრიუსელის დროით 14:00 საათზე დაიწყო. მისივე თქმით გამოფენამ დიდი დაინტერესება და გამოხმაურება გამოიწვია.
"ჩვენ მთელი დღის განმავლობაში ვახდენდით სააკაშვილის 9 წლიანი მმართველობის დემონსტრირებას. ძალიან ბევრი ხალხი მოდიოდა და დაინტერესებაც დიდი იყო. ფილმს ძალიან დიდი გამოხმაურება აქვს. საზოგადოება არის შოკში. ნაჩვენები იყო ნავთლუღის სპეცოპერაციის, გირგვლიანის, ბუტა რობაქიძის, ვაზაგაშვილის საქმეების ამსახველი სისხლიანი კადრები. ვაზაგაშვილის საქმეზე განსაკუთრებით დიდი დაინტერესება გამოიწვია იმ ფაქტმა, რომ მამამისი ლიკვიდირებულია. ანუ თემა ჯერ კიდევ აქტუალურია იმ გაგებით, რომ ამდენი ხნის წინ მომხდარ დანაშაულზე რამდენიმე დღის წინ ასეთი გამოძახილი იყო. მე პირადად აქ მოსული ხალხისთვის რამდენჯერმე მომიწია გარკვეული დეტალების ახსნა რადგან ბევრს არ სჯეროდა, რომ ეს კადრები რეალურია", - განაცხადა სალუქვაძემ.
რაც შეეხება ევროპარლამენტში გამართულ შეხვედრებს არასამთავრობო ორგანიზაცია "ყველა თაობა საქართველოსთვის" თქმით ის რამდენიმე ევროპარლამენტარს შეხვდა.
"შევხვდით წამყვანი ფრაქციის წევრებს. "სოციალისტური ალიანსისგან", რომელიც "ევროპის სახალხო პარტიის" შემდეგ, რაოდენობრივად მეორე ფრაქციაა მივიღეთ მოწვევა კომიტეტის სხდომაზე, რათა ჩვენ იქ სიტყვით გამოვიდეთ", - განაცხადა სალუქვაძემ.