დღეს, ოთარ დანელია ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის სასოფლო-სამეურნეო სტატისტიკის სამსახურის წარმომადგენლებს შეხვდა.
ამერიკის შეერთებული შტატები განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს სხვადასხვა ქვეყანაში სასოფლო-სამეურნეო სტატისტიკური ინფორმაციის მოძიებას. საქართველოში 2013 წლიდან ხორციელდება ამერიკის შეერთებული შტატების სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის (USDA) ოთხწლიანი პროექტი „საქართველოს სოფლის მეურნეობის პოლიტიკის ინიციატივა“, რომელიც საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს დახმარებას უწევს სოფლის მეურნეობის სფეროში ინფორმაციის ეფექტიან შეგროვებასა და ეკონომიკური ანალიზის განხორციელებაში.
შეხვედრაზე მხარეებმა პროექტის „საქართველოს სოფლის მეურნეობის პოლიტიკის ინიციატივა“, ფარგლებში 2015 წელს დაგეგმილი სასოფლო-სამეურნეო კვლევების მიმართულებები განიხილეს. მაიკლ შტაინერის თქმით, 2015 წლისთვის გაწერილი გეგმის თანახმად, განსაზღვრულია სიმინდის, ხორბლის, ვაშლისა და ციტრუსის ფართობების მიხედვით მოსავლიანობის დადგენა.
ოთარ დანელიამ მადლობა გადაუხადა ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის სასოფლო-სამეურნეო სტატისტიკის დეპარტამენტის წარმოამდგენლებს გაწეული სამუშაოსთვის. მინისტრის განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ ამერიკის სასოფლო-სამეურნეო სტატისტიკის დეპარტამენტი საქართველოს სასურსათო პოტენციალს სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან და საქსტატთან მჭიდრო თანამშრომლობით შეისწავლის. პროცესში აქტიურად არიან ჩართულები სოფლის მეურნეობის სამინისტროს რაიონული საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურები. მინისტრის თქმით, თანამშრომლობის ეს ფორმატი უზრუნველყოფს პროექტის წარმატებულ განხორციელებას, რაც, თავის მხრივ, ხელს შეუწყობს სოფლის მეურნეობის დარგის სწრაფ და ეფექტიან განვითარებას.