სოფლის მეურნეობის მინისტრის, ოთარ დანელიას ინიციატივით, ტექნიკური უნივერსიტეტის აგრარული მეცნიერებების და ბიოსისტემების ინჟინერინგის ფაკულტეტის სტუდენტებთან შეხვედრა გაიმართა. შეხვედრას საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე და ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი არჩილ ფრანგიშვილი ესწრებოდნენ.
აგრარული მეცნიერებისა და ბიოსისტემების ინჟინერინგის ფაკულტეტი ტექნიკური უნივერსიტეტში 2013 წელს გაიხსნა. 2014 წელს ფაკულტეტმა სტუდენტების პირველი ნაკადი მიიღო. ამჟამად 600-მდე სტუდენტს საშუალება ეძლევა ისწავლოს 8 სხვადასხვა მიმართულებით: აგრარული ტექნოლოგიები, სასურსათო ტექნოლოგია, სატყეო საქმე, აგროინჟინერია, მეცხოველეობა, ნიადაგისა და ტყის რესურსების ინჟინერია, აგრონომია და აგრობიზნესის მენეჯმენტი. აგრარული მეცნიერებისა და ბიოსისტემების ინჟინერინგის ფაკულტეტმა ხელშეკრულება გააფორმა აშშ-ს აიოვას სახელმწიფო უნივერსიტეტთან, რაც საშუალებას მისცემს ქართველ სტუდენტებს აშშ-ს სტანდარტების განათლება მიიღონ.
ოთარ დანელიამ სტუდენტებს ინფორმაცია მიაწოდა სამინისტროს მიერ დარგის განვითარების მიმართულებით განხორციელებულ და მიმდინარე პროექტებზე, სამინისტროს პრიორიტეტებზე და სამომავლო გეგმებზე. მინისტრმა ყურადღება გაამახვილა განათლების მნიშვნელობაზე სოფლის მეურნეობის დარგის განვითარებისთვის. მინისტრმა აღნიშნა რომ სამინისტრო ახალი სტრატეგიის ფარგლებში არაერთ პროგრამას განახორციელებს, რომელშიც სტუდენტების ჩართულობა მნიშვნელოვანი იქნება. ოთარ დანელიას განცხადებით, განათლებული ახალგაზრდები და პროფესიონალი კადრები არის ის ფუნდამენტი, რომელზეც საფუძვლიანად აშენდება სოფლის მეურნეობის დარგი.
,,სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაგეგმილი აქვს არაერთი პროექტი, რათა ახალგაზრდებისთვის სოფლის მეურნეობის დარგი კიდევ უფრო მიმზიდველი გახდეს. გავატარებთ ისეთ ღონისძიებებს, რომელიც სტიმულს მისცემს სტუდენტებს. სამინისტრო მზად არის აქტიურად ითანამშრომლოს სტუდენტებთან და ხელი შეუწყოს მათ პროფესიულ ზრდაში“, - განაცხადა ოთარ დანელიამ.
განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა თამარ სანიკიძემ შეხვედრაზე აღნიშნა, რომ მისასალმებელია ტექნიკური უნივერსიტეტში აღნიშნული ფაკულტეტის გახსნა. მნიშვნელოვანია, რომ სტუდენტები ულტრათანამედროვე გარემოში ისწავლიან. ივლისის თვეში უახლესი ლაბორატორიით აღჭურვილი ახალი შენობაც გაიხსნება, რომლის შექმნაც განათლების სამინისტროს, ტექნიკური უნივერსიტეტის და აშშ-ს აიოვას სახელმწიფო უნივერსიტეტის ერთობლივი მუშაობით გახდა შესაძლებელი.
,,ძალიან საინტერესო ინიციატივა წარუდგინა სოფლის მეურნეობის მინისტრმა სტუდენტებს. მათი აქტიური ჩართულობა აგრარულ მიმართულებებში, ასევე ის სტაჟირებისა და დასაქმების პერსპექტივები, რომელსაც სოფლის მეურნეობის სამინისტროს სტუდენტებს სთავაზობს დადებით შედეგებს მოიტანს. დარგის სპეციალისტებზე დიდი მოთხოვნა გაჩნდება და შესაბამისად, ახალი ინფრასტრუქტურით, ლაბორატორიებით, განახლებული კურუკულუმით და პროგრამებით, ჩვენ მზად ვიქნებით ვუპასუხოთ. განათლების სამინისტრომ განათლების ამ მიმართულების განვითარებისთვის საკმაოდ დიდი ინვესტიციები განხორციელდა და დარწმუნებული ვართ სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან ასეთი თანამშრომლობა საჭირო და ნაყოფიერი იქნება“, -განაცხადა თამარ სანიკიძემ.
ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა არჩილ ფრანგიშვილმა სტუდენტებს აგრარული მეცნიერებების და ბიოსისტემების ინჟინერინგის ფაკულტეტის სამომავლო გეგმებზე და ახალ მიმართულებებზე ესაუბრა. როგორც რექტორმა აღნიშნა, მიმდინარეობს არსებული პროგრამების დახვეწა და ახალი პროგრამების შემუშავება. აქტიურად დაწყებულია მუშაობა სამაგისტრო პროგრამების სასწავლო პროგრამებზე დასავლეთ ევროპის (ესპანეთი, იტალია, სლოვაკეთი, პოლონეთი) წამყვან უნივერსიტეტებთან კოორდინაციაში, საერთო ინგლისურენოვანი პროგრამების შემუშავებაზე და ორმაგი დიპლომების დანერგვაზე. ამჟამად მიმდინარეობს ყოფილი კვების მრეწველობის ინსტიტუტის შენობის (გურამიშვილის გამზირი #17) რეკონსტრუქცია-რემონტი, რომლის დასრულების შემდეგ, სტუდენტებს ექნებათ თანამედროვე ტიპის ახალი ტექნოლოგიებით აღჭურვილი სასწავლო დაწესებულება, სადაც განთავსდება საერთაშორისო სტანდარტების ლაბორატორიაც.
შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა. სტუდენტების დასმულ კითხვებს მინისტრებმა და უნივერსიტეტის რექტორმა ამომწურავი პასუხები გასცეს. სოფლის მეურნეობის მინისტრმა შეხვედრაზე აღნიშნა, რომ აგრარული მეცნიერებისა და ბიოსისტემების ინჟინერინგის ფაკულტეტის მაღალი აკადემიური მოსწრების სტუდენტებს სტაჟირების გავლის საშუალება სოფლის მეურნეობის სამინისტროს სისტემაში შემავალ სხვადასხვა უწყებებში შეეძლებათ. მინისტრმა წარჩინებული კურსდამთავრებულების დასაქმების პერსპექტივებზეც ისაუბრა.
სტუდენტებთან შეხვედრას სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე ნოდარ კერესელიძე, მინისტრის მოადგილეები ლევან დავითაშვილი და გოჩა ცოფურაშვილი, საქართველოს გაერთიანებული სამელიორაციო სისტემების კომპანიის დირექტორი ლევან დვალი და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლები ესწრებოდნენ.