შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოსა და ჩინეთს შორის არსებული ურთიერთობების ფართო სპექტრი განიხილეს, მათ შორის განსაკუთრებული ყურადღება სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის განვითარების მიმართულებით არსებულ პოზიტიურ დინამიკაზე გაამახვილეს.
„ბოლო 10 წლის მონაცემებს თუ გადავხედავთ, 2014 წელი იყო ყველაზე პოზიტიური და ნაყოფიერი საქართველო-ჩინეთის ურთიერთობების გააქტიურების თვალსაზრისით, მნიშვნელოვნად გაიზარდა ტვირთბრუნვა. ბიზნეს წრეებში დიდია ინტერესი საქართველოში წარმოებული სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის მიმართ“, - განაცხადა ჩინეთის ელჩმა.
შეხვედრაზე ოთარ დანელიამ კიდევ ერთხელ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა ელჩს საქართველოში არსებულ საინვესტიციო კლიმატზე. მინისტრმა ისაუბრა იმ დამატებით საექსპორტო შესაძლებლობებზე, რომელიც საქართველოში ევროკავშირთან ასოცირებისა და ევროპასთან თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების გაფორმების შემდეგ გაჩნდა. ოთარ დანელიას თქმით, მთავრობა მზად არის მაქსიმალურად შეუწყოს ხელი საქართველოს სოფლის მეურნეობაში ჩინური ინვესტიციების განხორციელებას. ამ კონტექსტში მხარეებმა განიხილეს დასავლეთ საქართველოში ჩაის პლანტაციების აღორძინების, აკვაკულტურების წარმოებისა და სასათბურე მეურნეობების მოწყობის პერსპექტივები.