თეა წულუკიანი: კადიევის რუსეთში ექსტრადირებაზე ხელის მოწერას არ ვაპირებ

თეა წულუკიანი: კადიევის რუსეთში ექსტრადირებაზე ხელის მოწერას არ ვაპირებ

იუსტიციის მინისტრის განცხადებით, კადიევის ექსტრადირების საკითხთან დაკავშირებით იგივე პოზიცია აქვს მთავარ პროკურატურასაც.

„ლტოლვილის სტატუსთან დაკავშირებით დავა უზენაეს სასამართლოში, როგორც ვიცი, მიმდინარეობს იმიტომ, რომ სამინისტრომაც უარი უთხრა ლტოლვილის სტატუსზე და ორი ინსტანციის სასამართლომ. თავად კადიევს საქართველოს ტერიტორიაზე ჩადენილი აქვს დანაშაული - თბილისის შუაგულში, 2013 წელს ბინაში მას ჰქონდა იარაღი და ასაფეთქებელი ნივთიერებები. ეს ჩვენი კანონით დასჯადია, ამიტომ, ის იხდის სასჯელს, რომელიც უსრულდება ივნისში. ანუ ივნისში, ის დატოვებს საპყრობილეს.

რაც შეეხება ექსტრადიციას, ამის შესახებ ბრძანებას ხელს აწერს იუსტიციის მინისტრი. დღემდე, ასეთ 42 ბრძანებაზე მაქვს ხელი მოწერილი, მაგრამ კადიევის ექსტრადირების ბრძანებაზე ხელმოწერას არ ვაპირებ. პროკურატურის პოზიცია იგივეა და ჩვენ ვთვლით, რომ კადიევის რუსეთში ექსტრადირება ადამიანის უფლებების დარღვევა იქნებოდა. ქართული სამართლებრივი ტრადიცია 2002 წლიდან ასეთია და ჩვენ ეს არ შეგვიცვლია და არ ვცვლით“,- განაცხადა წულუკიანმა „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ გადაცემა „პირველ სტუდიაში“. 

საქართველოს შსს კონტრტერორისტულ ცენტრში (დეპარტამენტი) 2013 წლის 12 ივნისს გამოძიება სისხლის სამართლის 098120613001 საქმეზე, ჯგუფურად ტერორისტული აქტის მომზადების ფაქტზე დაიწყო, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 18-323-ე მუხლის II ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით.

გამოძიების დაწყებას საფუძვლად დაედო საქართველოს შსს კონტრტერორისტულ ცენტრში 2013 წლის 12 ივნისს მიღებული ოპერატიული ინფორმაცია, რომლის თანახმადაც რუსეთის ფედერაციის მოქალაქეები, ეროვნებით ჩეჩენი რიზვან ომაროვი, დაბადებული 08.07.1973 წელს და მიკაილ კადიევი, დაბადებული 28.09.1982 წელს, იმყოფებოდნენ საქართველოში და მოსახლეობაში შიშის დათესვის მიზნით განზრახული ჰქონდათ, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში აფეთქების გზით ტერორისტული აქტების განხორციელება. დასახული მიზნის მისაღწევად და განზრახვის სისრულეში მოსაყვანად წინასწარ შერჩეული ჰქონდათ საცხოვრებელი ბინა მდებარე ქ. თბილისში, სადაც უკანონოდ ინახავენ დიდი რაოდენობით ასაფეთქებელ ნივთიერებებს, ასაფეთქებელ მოწყობილობებს, ცეცხლსასროლ იარაღს და საბრძოლო მასალას.

2013 წლის 13 ივნისს გადაუდებელი აუცილებლობიდან გამომდინარე, მიკაილ კადიევის და რიზვან ომაროვის დროებით საცხოვრებელ ბინაში ჩატარდა ჩხრეკა, რის შედეგადაც ამოღებული იქნა ასფეთქებელი ნივთიერება ჰექსოგენის პლასტიკური ნარევი საერთო წონით 2253,83 გრამი, ასაფეთქებელი მოწყობილობა 25 ცალი ელექტროდეტონატორი, ერთი ცალი „მაკაროვის“ სისტემის ცეცხლსასროლი იარაღი და რვა ცალი 9 მმ. კალიბრის საბრძოლო ვაზნები. აღნიშნულთან ერთად ასევე ამოღებული იქნა სხვადასხვა დოკუმენტაცია, პლასტიკური ბარათები, მობილური ტელეფონები სხვადასხვა კავშირგაბმულობის კომპანიის სიმ ბარათებით, რუსეთის ფედერაციის მოქალაქის პასპორტები, გაცემული მიკაილ კადიევის, რიზვან ომაროვისა და ასევე იბრაგიმ გასუმოვის სახელზე. აღსანიშნავია, რომ იბრაგიმ გასუმოვის პასპორტში ჩაკრულია მიკაილ კადიევის ფოტოსურათი.

ინტერპოლის ეროვნული ცენტრალური ბიუროდან მიღებული მასალების თნახმად, მიკაილ კადიევი იძებნება განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩადენისათვის რუსეთის ფედერაციის-მოსკოვის ინტერპოლის სამსახურის მიერ, კერძოდ ჯგუფურად ჩადენილი განზრახი მკვლელობის ფაქტზე რუსეთის სს კოდექსის 105-ე მუხლით (ქ.მოსკოვში მოკლეს რუსეთის მოქალაქე ა.ალხამატოვი, ხოლო მისი დაცვის თანამშრომელს ასევე რუსეთის მოქალაქე ნ.მიტიკოვს მიაყენეს მრავლობითი ცეცხლნასროლი ჭრილობა).

 აღნიშნული დანაშაულის ჩადენის გამო, ჩატარებული ჩხრეკის შემდგომ მიკაილ კადიევი და რიზვან ომაროვი დაკავებული იქნენ ბრალდებულის სახით, რის შემდეგაც წარედგინათ ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის I ნაწილით და აღკვეთის ღონისძიების სახით შეეფარდათ პატირობა.

ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ მიკაილ კადიევის და რიზვან ომაროვის ბრალდების სისხლის სამართლის საქმეზე გამოტანილი იქნა გამამტყუნებელი განაჩენი, რის საფუძველზეც მათ შეეფარდათ თავისუფლების აღკვეთა 2 წლის ვადით. გადაწყვეტილება გასაჩივრებული იქნა სააპელაციო სასამართლოში, სადაც უცვლელად იქნა დატოვებული პირველი ინსტანციის სასამართლო განაჩენი.