დღეს, სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე იური ნოზაძე თურქული კომპანიის TCF GEORGIA წარმომადგენლებს შეხვდა.
TCF GEORGIA ერთ–ერთი მსხვილი ციტრუსის მიმღები კომპანიაა საქართველოში, რომელმაც გასულ სეზონზე წარმატებულად ჩაიბარა ათასობით ტონა ციტრუსი. როგორც შეხვედრაზე TCF GEORGIA –ს გენერალურმა დირექტორმა, ოსმან ფექბუიუქ (გოგიტიძემ) განაცხადა, კომპანია დაინტერესებულია საქართველოში დამატებითი ინვესტიციების განხორციელებით ხილის შემნახველი და გადამამუშავებელი მოქმედი საწარმოს გაფართოვების კუთხით.
„საქართველოს ხელისუფლებისათვის სოფლის მეურნეობის დარგი განვითარება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტია. სოფლის მეურნეობის სამინისტროს ხელშეწყობით ხორციელდება არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი, რომლის მიზანიც გლეხების, ფერმერების და ინვესტორების მხარდაჭერაა“ , - განაცხადა იური ნოზაძემ. მინისტრის მოადგილემ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა სტუმრებს საქართველოში არსებულ საინვესტიციო კლიმატზე და იმ დამატებით საექსპორტო შესაძლებლობებზე, რომელიც საქართველოში ევროკავშირთან ასოცირებისა და ევროპასთან თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების გაფორმების შემდეგ გაჩნდა.
შეხვედრაზე გამოიკვეთა დამატებითი მიმართულებები, რომელიც ამ ეტაპზე თურქი ინვესტორების ინტერესს წარმოადგენს. მხარეებმა დეტალურად განიხილეს საქართველოში სასათბურე მეურნეობების მოწყობის პერსპექტივები.