სურსათის ეროვნულ სააგენტოში გაიმართა ცოფთან ბრძოლის ეროვნული კომიტეტის მეორე შეხვედრა, რომელზეც განიხილეს დაავადებასთან დაკავშირებული საკითხები: ზედამხედველობის გააქტიურება, მოსახლეობის ცნობიერების ამაღლება, ორალური ვაქცინაცია, შესაბამისი უწყებების ჩართულობა ცოფის აღმოფხვრის ღონისძიებების დაგეგმვაში.
შეხვედრას, რომელიც ყოვლისმომცველი ინსტიტუციური განვითარების პროგრამის ორგანიზებითა და სურსათის ეროვნული სააგენტოს ვეტერინარიის დეპარტამენტის ხელმძღვანეობით გაიმართა, ესწრებოდნენ სოფლის მეურნეობის ლაბორატორიის, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს, ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოსა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, კერძო ვეტერინარი. ასევე ევროკავშირის ყოვლისმომცველი ინსტიტუციური განვითარების პროგრამის ექსპერტები და მოწვეული გერმანელი ექსპერტი ცოფთან ბრძოლის საკითხებში კარსტენ პოტჩი.
ცოფთან ბრძოლის ეროვნული კომიტეტი უხელმძღვანელებს, შეასრულებს და შეაფასებს ცოფთან დაკავშირებულ საქმიანობას, მათ შორის, ზედამხედველობისა და კონტროლის ღონისძიებებს როგორც შინაურ და გარეულ ცხოველებში, ასევე ადამიანებში, გაზრდის მოქალაქეთა ცნობიერებას.