სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრმა C ჰეპატიტის პრევენციასთან დაკავშირებით ახალი ინიციატივები გააჟღერა. მინისტრის განცხადებით, C ჰეპატიტის პრევენცია და მკურნალობა პენიტენციური სისტემის ერთ-ერთი პრიორიტეტია.
C ჰეპატიტის პროგრამა სასჯელაღსრულების დაწესებულებებში 2014 წლიდან დაიწყო და მის ფარგლებში უკვე გამოკვლეულია 7 000-ზე მეტი პატიმარი. მკურნალობის პროცესში ჩართული 300 მსჯავრდებულიდან უკვე სრულად განიკურნა 180 ბენეფიციარი.
შეგახსენებთ, რომ 2013 წლამდე სასჯელაღსრულების სისტემაში ვირუსის გავრცელების შესახებ მონაცემები არ არსებობდა და პატიმრების აბსოლუტურ უმრავლესობას მკურნალობაზე ხელი არ მიუწვდებოდა. ამის გამო C ჰეპატიტი პატიმართა სიკვდილიანობის ერთ-ერთ მთავარ მიზეზს წარმოადგენდა.
იმისთვის, რომ ერთობლივი ძალით დავამარცხოთ ეს დაავადება, ძალიან მნიშვნელოვანია ამ კამპანიაში თითოეული ჩვენგანის აქტიური ჩართულობა. ამავდროულად, აუცილებელია ზუსტად განისაზღვროს ის საჭიროებები, რომელთა საშუალებითაც ეფექტურად გავუმკლავდებით არსებულ გამოწვევებს.
მოცემული აქციის ფარგლებში გიორგი მღებრიშვილის გზავნილებია:
1. ჩვენ უნდა დავამარცხოთ C ჰეპატიტი!
პირველად C ჰეპატიტის პრევენციის, დიაგნოსტიკისა და მკურნალობის უფასო სახელმწიფო პროგრამის განხორციელება სასჯელაღსრულების სისტემაში დაიწყო.
2. პრევენციის მიზნით 2015 წლის თებერვლიდან C ჰეპატიტის უფასო გამოკვლევა სასჯელაღსრულების დაწესებულებების თანამშრომლებზეც გავრცელდება
3. დღეიდან პენიტენციურ სისტემაში შემოსვლისთანავე ყველა ბრალდებულსა და მსჯავრდებულს პირველადი სამედიცინო შემოწმების დროს C ჰეპატიტსა და B ჰეპატიტზე უფასო გამოკვლევა შეეთავაზება.
გიორგი მღებრიშვილმა C ჰეპატიტის პრევენციის კამპანიაში სამი ადამიანი გამოიწვია. ესენი არიან: საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანაშემწე ადამიანის უფლებათა და გენდერული თანასწორობის საკითხებში სოფო ჯაფარიძე, საქართველოს სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი და ევროპის საბჭოს პროგრამის უფროსი ოფიცერი გივი მიქანაძე.