საქართველოში სრულად აღჭურვილი ტექნოლოგიური უნივერსიტეტის მშენებლობა იგეგმება

საქართველოში სრულად აღჭურვილი ტექნოლოგიური უნივერსიტეტის მშენებლობა იგეგმება

გაზეთი „რეზონანსი“ სტატიაში „ექნება თუ არა საქართველოს ძლიერი ტექნოლოგიური უნივერსიტეტი?“ წერს, რომ უნივერსიტეტის მშენებლობის დაფინანსებას, აღჭურვას  და პირველ ეტაპზე სუბსიდირებას ფონდი ქართუ აპირებს.

გამოცემა წერს, რომ  ყოფილმა ხელისუფლებამ  ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციას, ტექნოლოგიური უნივერსიტეტის დაფინანსება 2011 წლის ივლისსში სთხოვა,  ნოემბერში კი ამერიკული მხარისგან მიიღო პასუხი, რომ შეთავაზებული უნივერსიტეტის შენობაც  და  უნივერსიტეტის კონცეპტიც მათთვის მიუღებელი იყო ამერიკული და ამ შენობის ასაშენებლად ფულს არ დახარჯავდნენ. 

„თუმცა სააკაშვილის მთავრობამ სათვალავში არ ჩააგდო ამერიკული მხარის უარი და მშენებლობა მაინც დაიწყო. მშენებლობის ძირითად ნაწილზე 75 მილიონამდე ლარი დაიხარჯა.  თანხა სახელმწიფო სახსრებით შეივსო _  რკინიგზის ბიუჯეტიდან გამოიყო. თუმცა, მშენებლობაზე მომუშავე კომპანიების მიმართ დღემდე გადაუხდელი დავალიანება 5 მილიონ ლარს აღწევს. შენობის მოწყობა რაიმე ფუნქციური დანიშნულებისათვის ასევე სოლიდურ თანხებს მოითხოვს“,- ნათქვამია სტატიაში.

„რეზონანსი“ წერს, რომ 2013 წელს  მთავრობასა და ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციას შორის მოლაპარაკებები აღდგა და ახალი ხელშეკრულება გაფორმდა, რომლის ფარგლებშიც საქართველოს სამ სახელმწიფო უნივერსიტეტში (ილიას, ივანე ჯავახიშვილისა და საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტებში)  ტექნიკურ დარგებში ამერიკული უნივერსიტეტის საბაკალავრო პროგრამები ინერგება. 30 მილიონი, რაც განათლების სფეროში გამოყოფილი 140 მილიონიდან უმაღლესი განათლების პუნქტზე  მოდის, ბათუმის უნივერსიტეტის შენობის მაგივრად სწორედ ამაზე დაიხარჯება.  კვალიფიკაციის ასამაღლებლად და ახალი პროგრამის ფარგლებში მოსამზადებლად  პროფესორ-მასწავლებელთა 2 ჯგუფმა უკვე გაიარა გადამზადება შტატებში. სტუდენტებს სან-დიეგოს უნივერსიტეტის მიერ ქართულ უნივერსიტეტებში დანერგილი პროგრამების გავლა უკვე სექტემბრიდან შეეძლებათ.

სტატიის ბოლოს ნათქვამია, რომ  ათასწლეულის გამოწვევის პროგრამის მიღმა, იგეგმება   სრულად აღჭურვილი ტექნოლოგიური უნივერსიტეტის მშენებლობაც, რომელიც ქვეყანაში ამ კუთხით არსებული დეფიციტის შევსებაზე იქნება მიმართული და ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას მნიშვნელოვვნად დააჩქარებს. უნივერსიტეტის მშენებლობის დაფინანსებასა, აღჭურვასა  და პირველ ეტაპზე სუბსიდირებას, წყაროს მიხედვით, ფონდი ქართუ აპირებს.

„ყოფილ პრემიერს, ბიძინა ივანიშვილმს კი თავის გამოსვლებშიც აქვს ხაზგსმული, რომ საქართველოში ძლიერი ტექნოლოგიური უნივერსიტეტის მსენებლობა მისი იდეა იყო და ამას აუცილებლად შეასრულებს”,- წერს გამოცემა.