კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის" ტექნიკური სამსახურის საავარიო ბრიგადები ისევ ჯავახიშვილის აღმართის N21-ის მიმდებარედ არიან მობილიზებული და წყალსადენის 500 მმ-იანი დაზიანებული მაგისტრალის აღსადგენად, კვალავაც ინტენსიურ ტექნიკურ სამუშაოებს ატარებენ. დაზიანების სირთულის მიუხედავად, კომპანიამ წყლის მიწოდება უკვე აღუდგინა: ქიაჩელის, ახვლედიანის, საქანელას, უშანგი ჩხეიძისა და მარჯანიშვილის ქუჩებს, ასევე სასტუმრო ,,რედისონ ბლუ ივერიას".
ჯავახიშვილის აღმართზე სავარაუდო დაზიანების შესახებ შეტყობინება „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის" ცხელმა ხაზმა, დღეს დილით, 08:54 საათზე მიიღო. კომპანიას ჯავახიშვილის აღმართის მაცხოვრებელი დაუკავშირდა და კედლიდან წყლის ჟონვის შესახებ შეტყობინება დაუტოვა. დაზიანების ადგილზე კომპანიის სადიაგნოსტიკო ჯგუფი და საავარიო ბრიგადა, შეტყობინების მიღებისთანავე, დაუყოვნებლივ გავიდნენ. ადგილზე გასულმა ჯგუფებმა კედლიდან წყლის მცირე ჟონვა დააფიქსირეს. რაც შეეხება, გზის სავალი ნაწილის ჩავარდნას, ეს ფაქტი მოგვიანებით, უეცრად მოხდა. აღსანიშნავია, რომ კომპანიის ცხელ ხაზზე ჯავახიშვილის აღმართის მაცხოვრებლებისგან დაზიანების თაობაზე შეტყობინება დღეს დილამდე არ დაფიქსირებულა.
ჯავახიშვილის აღმართზე წყალსადენის მაგისტრალზე მომხდარი დაზიანების ლიკვიდაციის მიზნით, ტექნიკური სამუშაოების ჩატარება გრძელდება. წყალმომარაგების გარეშე, ამჟამად, დარჩენილია მხოლოდ ჯავახიშვილის აღმართის N21-ში მდებარე საცხოვრებელი სახლი, რომელსაც წყლის მიწოდებას კომპანია 13 იანვრის დილის 09:00 საათისთვის აღუდგენს.