სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი გიორგი მღებრიშვილი საქართველოში საფრანგეთის რესპუბლიკის საელჩოს ესტუმრა და 2015 წლის 7 იანვარს, პარიზში, სატირული ჟურნალის “Charlie Hebdo” თანამშრომლებზე განხორციელებულ თავდასხმასთან დაკავშირებით სამძიმრის წიგნში ჩანაწერი დატოვა.
გიორგი მღებრიშვილის განცხადებით, ტერორიზმი საერთაშორისო საფრთხეა და მის წინააღმდეგ ყველა უნდა გაერთიანდეს.
„თანავუგრძნობ ფრანგ ხალხს და პატივს მივაგებ გარდაცვლილთა ხსოვნას. მე, როგორც საქართველოს მთავრობის წარმომადგენელი და როგორც რიგითი მოქალაქე, კარგად ვაცნობიერებ იმ საფრთხეს, რასაც თანამედროვე მსოფლიოს ტერორიზმი უქადის და რომლის წინააღმდეგ თითოეული ჩვენგანი სიტყვითა და საქმით უნდა გაერთიანდეს. ესაა გამოწვევა ყველა ქვეყნისთვის, რომელიც საერთო ძალისხმევით უნდა დავძლიოთ.“ - განაცხადა გიორგი მღებრიშვილმა.