საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა საფრანგეთის საელჩოში ფრანგული ჟურნალის Charlie Hebdo რედაქციაზე განხორციელებულ თავდასხმის გამო სამძიმრის წიგნში ჩანაწერი დატოვა.
გიორგი მარგველაშვილმა თანადგომა გამოუცხადა საფრანგეთის მთავრობას, დაღუპულთა ოჯახის წევრებს და მთელ ფრანგ ხალხს. სახელმწიფოს მეთაურმა პირადად მიუსამძიმრა საფრანგეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში რენო სალენსს.
„ქართველი ხალხის, ქართული სახელმწიფოს სახელით, ამ ძნელბედობის ჟამს საფრანგეთს და საფრანგეთის მთავრობას მხარდაჭერა გამოვუცხადეთ; მივუსამძიმრეთ გარდაცვლილთა ოჯახებს და ფრანგ ხალხს. ვიმედოვნებთ, რომ ის, რაც ამ საათებში ხდება - ტერორისტთა გაუვნებელყოფის ოპერაცია - მსხვერპლის გარეშე დასრულდება", - განაცხადა ქვეყნის პირველმა პირმა.
7 იანვარს, სატირულ ჟურნალ Charlie Hebdo-ს რედაქციაზე განხორციელებული თავდასხმის შედეგად 12 ადამიანი დაიღუპა, 11 კი დაშავდა.