სოფლის მეურნეობის სამინისტრო და საქართველოს გაერთიანებული სამელიორაციო სისტემების კომპანია დმანისის მუნიციპალიტეტში დმანისი-განთიადის სარწყავი სისტემის რეაბილიტაციას ახორციელებს.
პროექტით განსაზღვრულია, იაკუბლოს წყალსაცავის წყალგამშვები კოშკის მექანიკური ნაწილის რეაბილიტაცია; მდინარეებზე - ნაზიკლიჩზე, სარფუდარასა და დმანისზე არსებული ტიროლის ტიპის წყალმიმღები ნაგებობების შეკეთება; იაკუბლოს წყალსაცავთან მიმყვანი არხის მოპირკეთებისა და წყალმიმღები ჭის რეაბილიტაცია; წყალსაცავის კატასტროფული წყალსაგდების მოწყობა; დმანისი-განთიადის მაგისტრალურ ღარულ არხზე ტორკრეტბეტონის მოწყობა, დაზიანებული ღარების შეცვლა; დიუკერის გადატანა მეწყერსაშიში ზონიდან; წყალგამშვები კვანძების შეკეთება; გამანაწილებელი ქსელის კოროზირებული მილსადენების დემონტაჟი და ახალი ტრასის მოწყობა პლასტმასის მილებით; არსებული გამანაწილებლების წმენდა და ტიპიური წყალგამშვები კვანძების მოწყობა.
სარეაბილიტაციო ღონისძიებების შედეგად, დმანისის მუნიციპალიტეტში, დაბა დმანისის, სოფ. განთიადის, მაშავერას, დიდი დმანისის, ბოსლების, ვარდისუბნის 2410ჰა სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობი გახდება სარწყავი წყლით უზრუნველყოფილი.
აღნიშნული სისტემის რეაბილიტაცია 2014 წელს დაიწყო და მიმდინარე წელს დასრულდება. პროექტის ღირებულებაა 4 მლნ 127 ათასი ლარი.