კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი" ზემო ფონიჭალაში, N23-ე კორპუსის მიმდებარედ გამავალ წყალსადენის ქსელზე სარეაბილიტაციო სამუშაოებს, დღეს დილიდან ატარებს. კომპანია წყალსადენის 160 მმ-იან დაზიანებულ ქსელს დღის ბოლომდე მთლიანად ახლით შეცვლის.
აღსანიშნავია, რომ ზემო ფონიჭალაში წყლის მილის დაზიანების თაობაზე შეტყობინება „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის" ცხელ ხაზზე, სამწუხაროდ, დროულად არ შემოსულა. N23-ე კორპუსის მაცხოვრებლებისგან დაზიანების შესახებ ინფორმაცია კომპანიაში მხოლოდ გუშინ, 4 იანვარს, 10:10 საათზე დაფიქსირდა და მას მყისიერი რეაგირება მოჰყვა. დაზიანების ადგილზე კომპანიის სადიაგნოსტიკო ჯგუფი და საავარიო ბრიგადა შეტყობინების შემოსვლიდან 30 წუთში მივიდა.
შექმნილი მდგომარეობის შესწავლის შემდეგ, გამოიკვეთა, რომ დაზიანებული ქსელის ახლით შეცვლა იმდღესვე არ იქნებოდა შესაძლებელი, რადგან სარეაბილიტაციო სამუშაოების ჩატარება „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის" მხრიდან სპეციალურ მომზადებას საჭიროებს. აღნიშნულის გათვალისწინებით და იმ მიზნით, რომ საღამოს ზემო ფონიჭალის მოსახლეობისთვის წყლის მიწოდება აღედგინათ, კომპანიამ მთელი დღის განმავლობაში, დაზიანების დროებით ლოკალიზებისთვის გადაუდებელი ტექნიკური სამუშაოები ჩაატარა, დაზიანებული ქსელის ახლით შევცლა კი მომდევნო დღისთვის, 5 იანვრისთვის დაგეგმა.
დღეს, დილიდან, ზემო ფონიჭალაში, „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი" N23-ე კორპუსის მიმდებარედ გამავალ წყალსადენის ქსელს ახლით ცვლის. სარეაბილიტაციო სამუშაოები ღამის 3 საათზე დასრულდება, რის შემდეგაც, ზემო ფონიჭალის მოსახლეობას წყალმომარაგება ეტაპობრივად აღუდგება.