არასამთავრობო ორგანიზაცია "პოზიციის" ხელმძღვანელის ინფორმაციით, "საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს" აღმასრულებელი დირექტორი 7 ნოემბრის დარბევის თანამონაწილეა.
გურამ ადამაშვილის თქმით, შსს-ში მუშაობისას გიგაურმა დარბევაში მონაწილე პირებს ხელფასები და პრემიები გაუორმაგა, რის გამოც მერაბიშვილმა ის ნაადრევად დააწინაურა. მისი განცხადებით, ასეთი წარსულის მქონე ადამიანს არ აქვს უფლება აქციები მართოს და თავი, საზოგადოებაზე ორიენტირებულ ორგანიზაციად გაასაღოს.
"გარდა იმისა, რომ ეკა გიგაურის ორგანიზაციას "საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს" 18 დონორი ორგანიზაცია ჰყავს და საგრანტო დაფინანსება 19 მილიონზე მეტი აქვს, ყველაზე მეტი სკანდალური გარემოება იმ დოკუმენტებმა შექმნა, რომელიც გუშინ გავრცელდა. 2008 წლამდე ეკა გიგაური შსს-ს სასაზღვრო პოლიციის უფროსის მოადგილის თანამდებობაზე მუშაობდა. დოკუმენტებით კი 2007 წლის 7 ნოემბრის დარბევებში გიგაურის თანამონაწილეობა დასტურდება. ანუ, ვინც 7 ნოემბერს აქციის მონაწილეები დაარბია, მათ ეკა გიგაურმა ხელფასები და პრემიები გაუორმაგა, ამის საფუძველზე კი 2007 წლის 24 ნოემბერს ვანო მერაბიშვილმა "კარგი საქმის შესრულებისთვის" დროზე ადრე დააწინაურა. როდესაც ამ ადამიანს ასეთი ბეგრაუნდი აქვს, გამოდის და ატარებს აქციებს, საზოგადოებაში დემაგოგიას ეწევა, ასაღებს თავს საზოგადოებაზე ორიენტირებულ ორგანიზაციად და შსს-ში როცა მუშაობდა რატომ არ ჰქონდა ეს მოთხოვნები და პრეტენზიები?", - განაცხადა ადამაშვილმა.