უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ქეთი ნოგიევას, უნივერსიტეტის ადმინისტრაციისთვის არასდროს მიუმართია თხოვნით სწავლის გადასახადის გადავადებასთან დაკავშირებით. მისივე ცნობით, აღნიშნული სტუდენტი არ არის მაღალი აკადემიური მოსწრების მქონე, არც არასდროს ჰქონია სტატუსი შეწყვეტილი და ამჟამადაც აქტიური სტუდენტია.
"21 დეკემბერს გადაცემა "იმედის კვირაში" სანამ სეუ-ის სტუდენტი კომენტარს გააკეთებდა, სტატუსის შეწყვეტასთან დაკავშირებით, საუბრობდა განათლების მინისტრი და აღნიშნავდა, რომ არცერთი უნივერსიტეტი მაღალი აკადემიური მოსწრების მქონე სტუდენტებს არ რიცხავს და ამის შემდეგ ერთვოდა ჟურნალისტის სიტყვები, რომ "აქ ზის კარგი მოსწრებით სტუდენტი, რომელსაც დახმარებაზე თქვენი სამინისტროდან უარი ეთქვა და ცხადია, ალბათ, თავისი უნივერსიტეტიდანაც", გვინდა განვმარტოთ, რომ აღნიშნული სტუდენტი არ არის მაღალი აკადემიური მოსწრების მქონე, არც არასდროს ჰქონია სტატუსი შეწყვეტილი და ამჟამადაც აქტიური სტუდენტია.
ქეთი ნოგიევას, უნივერსიტეტის ადმინისტრაციისთვის არასდროს მიუმართია თხოვნით სწავლის გადასახადის გადავადებასთან დაკავშირებით (ამას ეს სტუდენტიც დაადასტურებს).
წელს სექტემბერში, სწავლის დაწყებამდე, სეუ-ის რამდენიმე სტუდენტმა მიმართა განათლების სამინიტროს გადასახადის პრობლემით, რის შემდეგაც უნივერსიტეტსა და სამინისტროს შორის შედგა კომუნიკაცია და მინისტრის რეკომენდაციით უნივერსიტეტის ადმინისტრაციამ შეიმუშავა სწავლის გადასახადის გაიოლებული სისტემა და სექტემბერშივე Facebook-ის ოფიციალურ გვერდზე გამოვაქვეყნეთ განცხადება, რის საფუძველზეც სტუდენტს, ვისაც ჰქონდა სწავლის გადასახადი გაყოფილი 3 ან 4 ნაწილად, შეეძლო მისულიყო (სურვილის შემთხვევაში) სეუ-ის იურისტთან და ხელშეკრულება შეეცვალა სწავლის გადასახადის 10 ნაწილად დაყოფით. ამით ისარგებლა თითქმის ყველა სტუდენტმა.
ასევე მინისტრის რეკომენდაციით განსაკუთრებით მძიმე ფინანსური მდგომარეობის მქონე რამდენიმე სტუდენტს მიეცა გადახდის ინდივიდუალური გრაფიკის შედგენის უფლება საკუთარი ხელსაყრელი ნებისმიერი პირობით, თუნდაც სწავლის დამთავრების შემდეგ. მრავლადაა ასეთი ფაქტები და რეალური სტუდენტებიც არსებობენ, ვინც სიამოვნებით დაადასტურებენ ამ ფაქტებს. რაც შეეხება მაღალი აკადემიური მოსწრების სტუდენტებს, მათ ყოველ სემესტრულად ენიშნებათ მზარდი სტიპენდია თვეში ხელზე 100 ლარიდან 400 ლარამდე.
შემდგომში ანალოგიური "თავის მართლება" რომ აღარ მოგვიწიოს, ჩვენი მეგობრული თხოვნა იქნება "იმედის კვირასთან", რომ უნივერსიტეტთან და სტუდენტებთან დაკავშირებით ნებისმიერი ინფორმაცია სასურველია წინასწარ იქნეს გადამოწმებული, რასაც ტელეკომპანია "იმედსა" და სეუ-ის შორის მუდმივი მეგობრული კომუნიკაცია გვაძლევს საშუალებას", - აღნიშნულია განცხადებაში.