სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარის მოსახლეობას მთავრობის 2 წლის ანგარიში წარუდგინეს საქართველოს ვიცე-პრემიერმა გიორგი კვირიკაშვილმა, სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ დანელიამ და მთავრობის სხვა წარმომადგენლებმა. პროექტის „საქართველოს მთავრობა ღია მმართველობისათვის“ ფარგლებში ზუგდიდში გამართულ შეხვედრაზე თავისი 1 წლის საქმიანობის ანგარიში ადგილობრივ მოსახლეობასა და მედიას ასევე წარუდგინა სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში რწმუნებულმა-გუბერნატორმა ლევან შონიამ.
როგორც შეხვედრაზე ვიცე-პრემიერმა გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა, სამეგრელო-ზემო სვანეთში ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი პროექტია განხორციელებული როგორც ინფრასტრუქტურის, ტურიზმის, ისე საწარმო პოტენციალის განვითარების მიმართულებით და მომავალში კიდევ უფრო მასშტაბური პროექტების განხორციელება იგეგმება.
მხარის გუბერნატორის ლევან შონიას განცხადებით, სამეგრელო-ზემო სვანეთში ორი წლის განმავლობაში განხორციელებული და მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტების ღირებულებამ შეადგინა 397 მილიონი ლარი. განხორციელდა 956 ინფრასტრუქტურული პროექტი, დასაქმდა 5 000 მეტი ადგილობრივი მცხოვრები. 2012 წლიდან დღემდე სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში გზების მშენებლობა-რეაბილიტაციის სამუშაოებზე დაიხარჯა 104 მილიონ 700 ათასი ლარი. 120 ქუჩაზე განხორციელდა გზის სარეაბილიტაციო და სამშენებლო სამუშაოები. ბენეფიციართა რაოდენობამ შეადგინა 150 ათასი კაცი. გზების მშენებლობა-რეაბილიტაციაზე დასაქმებული იყო 2000 ადგილობრივი მცხოვრები. გარდა ამისა, 2012 წლიდან, რეგიონში სოფლის მხარდაჭერის პროგრამით განხორციელდა ჯამში 14 მილიონ 300 ათასი ლარის ღირებულების 2 564 პროექტი.
როგორც სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ დანელიამ აღნიშნა, სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონს დიდი წარმატებები აქვს და კიდევ უფრო ამბიციური პროექტები იგეგმება სამომავლოდ, მათ შორის სოფლის მეურნეობის მიმართულებით. რაც შეეხება უკვე განხორციელებულ პროექტებს, სოფლის მეურნეობის განვითარებისათვის სხვადასხვა კომპონენტის ფარგლებში რეგიონში დაფინანსდა 449 პროექტი, ჯამური ღირებულებით 20 მილიონი დოლარი. 2013 წელს „მცირემიწიან ფერმერთა საგაზაფხულო სამუშაოების ხელშეწყობის პროექტით“ სარგებელი მიიღო 99 517-მა ხოლო ,,მცირემიწიან ფერმერთა 2014 წლის საგაზაფხულო სამუშაოების ხელშეწყობის პროექტით“ 100 ათასმა ბენეფიციარმა. პროექტის ჯამურმა ღირებულებამ 12 მილიონი ლარი შეადგინა. რეგიონში აქტიურად მიმდინარეობს სასოფლო სამეურნეო კოოპერატივების შექმნის პროცესი. ამ დროისათვის შექმნილია 30 კოოპერატივი სხვადასხვა მიმართულებით. რეგიონში ამოქმედდა აგროდაზღვევის საპილოტე პროგრამა.
რაც შეეხება განათლების სფეროს, განათლების მინისტრის მოადგილის ლია გიგაურის განცხადებით, 2012 წლიდან 206 სკოლის 12 252 მოსწავლეს უფასო სასკოლო ტრანსპორტი ემსახურება. 2013-2014 წლებში რეაბილიტაცია ჩაუტარდა 109 საჯარო სკოლას, 4 პროფესიულ სასწავლებელს. დაფინანსდა 9 საჯარო სკოლა. ფოთში გაიხსნა მანდატურის სამსახურთან არსებული ფსიქოლოგიური ცენტრი. უახლოეს მომავალში ზუგდიდში მასწავლებლის სახლის მშენებლობა დაიწყება, რომლის საპროექტო ღირებულება შეადგენს 1 მილიონ 400 ათასი ლარს. გაიხსნება სტუდენტური საცხოვრისი. აღნიშნულ პერიოდში სკოლებისა და პროფესიული კოლეჯების მშენებლობა-რეაბილიტაციებზე გაწეულმა ხარჯებმა შეადგინა 13 მილიონ 500 ათასი ლარი. 2012 წლიდან ყველა მოსწავლე სკოლებში უზრუნველყოფილია უფასო სახელმძღვანელოებით. პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე სახელმწიფო დაფინანსებით გადამზადდა 1500 მეტი ადგილობრივი მცხოვრები.
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილის გიორგი კობერიძის ინფორამციით, წყალმომარაგებაში განხორციელებულმა პროექტებმა უზრუნველყვეს ქალაქ ფოთისა და დაბა მესტის 24 საათიანი წყალმომარაგება. რეგიონში წყალმომარაგების, წყალარინების, სანიაღვრე და წყალსაწრეტი სისტემების მშენებლობა-რეაბილიტაციაზე დახარჯა 67მილიონ 800 ათასი ლარი. ბენეფიციართა რაოდენობამ კი შეადგინა 89 693 კაცი. სამშენებლო სამუშაოებში დასაქმებული იყო 600-ზე მეტი ადგილობრივი მცხოვრები. გამრიცხველიანდა 34 ათასი ფიზიკური და 2 700 იურიდიული პირი. 20 სოფელს გაუმჯობესდა წყალმომარაგება აშენდა და რეაბილიტაცია ჩაუტარდა 9 სათავო ნაგებობას. ქალაქ ფოთში მალთაყვის ტერიტორიტორიაზე მოეწყო საკანალიზაციო გამწმენდი ნაგებობა 5 მილიონ ლარზე მეტი ღირებულებით. მომავალი წლიდან იწყება ზუგდიდის უწყვეტი წყალმომარაგებისა და წყალარინების პროექტი, რომლის საპროექტო ღირებულება განსაზღვრულია 130 მილონი ლარის ოდენობით, პროექტის დასრულება ნავარაუდევია 2017 წელს.
ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის მოადგილის ილია ელოშვილის განცხადებით, 2013-2014 წლებში განხორციელდა 12,712-ზე მეტი აბონენტის გაზიფიცირება სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში, სადაც ბუნებრივი აირი წლების განმავლობაში მოსახლეობას არ მიეწოდებოდა. 2013-2014 წლებში 12,346-ზე მეტი აბონენტს სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში თანამედროვე ინდივიდუალური მრიცხველი დაუმონტაჟდა, რის შედეგადაც მოსახლეობა გაუმჯობესებულ მომსახურებას იღებს.
როგორც ჯანდაცვის მინისტრის მინისტრის მოადგილემ ვალერი კვარაცხელიამ განაცხადა, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ რუხში მიმდინარეობს მულტიპროფილური თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი საუნივერსიტეტო კლინიკის მშენებლობა, 41 მილიონი ლარის საპროექტო ღირებულებით. აღნიშნული კლინიკა მოემსახურება რეგიონის, ასევე აფხაზეთის მოსახლეობას, მშენებლობაზე დასაქმებულია ადგილობრივი მოსახლეობა, ჯამში დასაქმდება 600 ადამიანი.
გარდა ამისა, ჯანდაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის სფეროში განხორციელებული წარმატებული რეფორმის შედეგად რეგიონში მცხოვრები 476 ათასი ადამიანი დაზღვეულია.
რაც შეეხება რეგიონში მცხოვრებ დევნილებს, მხარის გუბერნატორის ლევან შონიას ინფორმაციით, ფოთში დევნილებისათვის აშენდა და საკუთრებაში გადაეცა 384 ბინა. ქალაქ ზუგდიდში კი 84. შენდება და დეკემბრის ბოლოს ზუგდიდში დევნილებს გადაეცემა 320 ბინა. რეგიონში ბოლო ორი წლის განმავლობაში 642 ოჯახს ერთ ლარად დაუკანონდა საცხოვრებელი ფართები. 18 995 დევნილ ოჯახს ზამთრის სეზონისათვის ელექტროენერგიისა და ბუნებრივი აირის შესაძენად გამოეყო 200 ლარიანი ფულადი დახმარება, საერთო თანხით 3 მილიონ 800 ათასი ლარი. 1600 ოჯახზე გაცემულია 262 500 ლარის ოდენობით ერთჯერადი ფულადი დახმარებები ჯანდაცვის, განათლებისა და სხვა მიმართულებით. ქალაქ ზუგდიდში, ბარამიას ქუჩაზე დაგეგმილია 34 კორპუსის მშენებლობა.
პროექტის „საქართველოს მთავრობა ღია მმართველობისათვის“ ფარგლებში მთავრობის 2 წლის და გუბერნატორების 1 წლის საქმიანობის ანგარიშების პრეზენტაციები საქართველოს ყველა რეგიონში იმართება.