როგორც კაზრეთის ადგილობრივმა მცხოვრებლებმა ზურაბ მჭედლიძემ, მევლუდ აზარაშვილმა, გვანცა ნასიბაშვილმა და მამუკა ასლანიშვილმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადეს, საყდრისის გადარჩენის წევრები ადგილობრივ დეპუტატ კობა ნაყოფიას ხვდებიან და ამის შესახებ მოსახლეობა საქმის კურში არ არის.
„ვემიჯნებით საყდრისის გადარჩენის კომიტეტსა და „სენს“, რადგან მოსახლეობაში გაჩნდა დიდი ეჭვი, რომ ისინი კობა ნაყოფიას ხვდებოდნენ, რომელიც წინა ხელისუფლების დროს „არემჯის“ დირექტორი იყო და ახლა ჩვენი დეპუტატია. საყდრისის გადარჩენის კომიტეტს გვერდში ვედექით, ერთად ვაქტიურობდით. საყდრისის კომიტეტიდან დათო გულბანთან და ნინო ბურჭულაძესთან ხშირად გვქონდა შეხვედრები. „სენთან“ ერთადაც ვმოძრაობდით, რომ ეკოლოგიის საკითხები გაგვერკვია. ვიცოდით, რომ იყო საერთო საზოგადოებრივი მოძრაობა და ამ შეხვედრის შესახებ კი არაფერი ვიცოდით. ელემენტარულად ხომ შეეძლოთ ეთქვათ, ვისაც შეხვდნენ. რატომ მალავდნენ, რომ კობა ნაყოფიას ხვდებოდნენ? მე იმას ვერ დავიჯერებ, რომ დათო გულბანმა და ნინო ბურჭულაძემ არ იცოდა, რომ შეხვდნენ ნაყოფიას. მამალაძე აცხადებს, რომ საყდრისის გადარჩენის ყველა წევრი შეხვედრის შესახებ საქმის კურსში იყო. იმის გამო, რომ ეჭვები გავიჩნდა, ვემიჯნებით მათ საქმიანობას. მოვითხოვთ, რომ ამიერიდან ჩვენ მოსახლეობა აღარ შეგვაწუხონ, კომპანიამ კი გააგრძელოს მუშაობა. ეკოლოგიას რაც შეეხება, მოსახლეობისა და კომპანიის ახალ მენეჯმენტს შორის შეხვედრა მიმდინარეობს და იმედია, უფრო მეტს მივაღწევთ, ვიდრე ასეთი ყვირილით - გაჩერდეს სამუშაოებიო. რატომ არ უფიქრდება „სენი“, რომ მუშაობა რომ გაჩერდეს უფრო მძიმე ეკოლოგიური მდგომარეობა შეიქმნება? ჩემს პოზიციაზეა თითქმის მთელი დაბა, უმეტესობას, 90%-ს ეჭვი გაუჩნდა“, - აცხადებს ზურაბ მჭედლიძე.
მისივე თქმით, კობა ნაყოფიას მმართველობის დროს მისი მენეჯმენტის არც ერთი წარმომადგენელი მოსახლეობასთან არ გასულა და ღიად არ უსაუბრია.
ამასთან, მჭედლიძის განცხადებით, კაზრეთში სოციალური ფონი კიდევ უფრო დამძიმდება, თუ სამუშაოები არ გაგრძელდა.
მევლუდ აზარაშვილის განცხადებით, „არემჯის“ მენეჯმენტთან შეხვედრა ჰქონდათ და შეხვედრებს მომავალშიც აპირებენ, სადაც ყველა ის პრობლემური საკითხი განიხილება, რომელიც ეკოლოგიასა და მთლიანად დაბის კეთილმოწყობას ეხება.
„მე როგორც ადგილობრივი მოსახლე და საერთოდ ყველა იქ მაცხოვრებელი ადამიანი, არ ვართ კომპეტენტური და ვერ გადავწყვეტთ ის ძეგლი არის თუ არ არის. ეს ჩვენ კომპეტენციაში არ შედის. ვისაც ევალება, მათ დაადგინონ. რაც შეეხება მოსახლეობას და კომპანიის მუშაობას, ერთი მხრივ ვამბობთ, რომ არ გაჩერდეს, მეორე მხარე კი ამბობს, რომ აფეთქებები და მტვერი არ იყოს, ტექნიკამ არ იმუშაოს და ხელფასები დაარიგოს. საიდან? ეს იმას ჰგავს, მეპურეს დაავალო პური გამოაცხოს და ფქვილი არ მიუტანო. მე პირადად, კომპანიაში დასაქმებული არ ვარ, მაგრამ იმედი მაქვს, ახალი მენეჯმენტი რომ მოვიდა, შეხვედრები გვქონდა და ადგილობრივების დასაქმების მეტი პერსპექტივა გაჩნდა. ამასთან, ჩვენ ვაღიარებთ, რომ ეკოლოგიის პრობლემაა, მაგრამ იქ 3 000 ადამიანი მუშაობს და მათ უკან კიდევ ოჯახები დგას“, - აღნიშნა აზარაშვილმა.
თავის მხრივ მამუკა ასლანიშვილმა აღნიშნა, რომ კომპანია არ უნდა გაჩერდეს, მთელი დატვირთვით იმუშაოს და რაც მოსახლეობის დასაქმების კუთხით მათი მხრიდან მოლაპარაკებები მიმდინარეობს, ის შესრულდეს.
გვანცა ნასიბაშვილის განმარტებით, მას შემდეგ რაც კომპანიის მუშაობას საფრთხე შეექმნა, მოსახლეობას შიში გაუჩნდა, რომ რიგი სოციალური პროექტები აღარ გაგრძელდება.