“ამ კომპანიას აქვს ძალიან მნიშვნელოვანი შენატანი, ბოლნისის რაიონისთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი ამ კომპანიის აქტიური მუშაობა”,-ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა კომპანიის მუშების აქციისა და მათი მოთხოვნების საკითხის კომენტირებისას განაცხადა.
როგორც ღარიბაშვილმა აღნიშნა, გადაწყვეტილება კომპანიის მუშაობის გაგრძელების შესახებ ერთი მხარის მიერ მიღებული არ უნდა იყოს.
“მრავალრიცხოვანი აქცია გაიმართა. კიდევ ერთხელ მინდა დავაფიქსირო, ჩვენ ყოველთვის უნდა მოვუსმინოთ ორივე მხარეს და არ შეიძლება მხოლოდ ერთ მხარეზე დაყრდნობით გავაკეთოთ დასკვნები. ის, რომ ამ კომპანიაში დასაქმებული არის 3 000 ოჯახი, ეს არის ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი. კიდევ ერთხელ მინდა განვმარტო, რომ ამ კომპანიას აქვს ძალიან მნიშვნელოვანი შენატანი ბოლნისის რაიონისთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი ამ კომპანიის აქტიური მუშაობა.
დანარჩენი, თუ რაიმე იურიდიული საკითხი იყო გადასაწყვეტი და მოსაგვარებელი, ამაზე იმუშავებს კულტურის სამინისტრო, ეკონომიკის სამინისტრო, ყველა ის სამინისტრო, რომელიც არის ჩართული ამ პროცესში, ჩვენ უნდა მივიღოთ გონივრული გადაწყვეტილება, სახელმწიფოებრივად სწორი გადაწყვეტილება უნდა მივიღოთ. არ შეიძლება მხოლოდ ემოციას აყოლილი აჟიოტაჟი გახდეს ჩვენი გადაწყვეტილების მიღების საფუძველი და ამ პროცესში დაზიანდეს კიდევ უფრო მეტი სიკეთე, როგორიც არის 3 000 ოჯახის ბედი. რა თქმა უნდა ჩემთვის ძვირფასი არის თითოეული არქეოლოგიური ობიექტი, კულტურული ძეგლი. მე არ ჩამოვთვლი იმ ობიექტებს, რომლებიც ჩვენი მთავრობაში მოსვლის შემდეგ აღვადგინეთ, ძალიან ბევრი აღვადგინეთ. ბრალდებები, რაც მე მესმის, არის მიზანმიმართული და შეურაცხყოფელი, ბატონ ბიძინა ივანიშვილს 500-ზე მეტი ძეგლი აქვს აღდგენილი საქართველოში”,-განაცხადა ღარიბაშვილმა.
შეგახსენებთ, გუშინ მთავრობის ადმინისტრაციასთან კაზრეთელი მუშების აქცია გაიმართა, სადაც მთავრობას საკუთარი დასაქმების პრობლემების მოგვარებისკენ მოუწოდებდნენ.