ბოლო დროს კაზრეთში განვითარებული მოვლენები მთელი ქვეყნის ყურედღების საგანი გახდა. ყველასთვის ცნობილია, 13 დეკემბერს ყაჩაღიანის უბანზე კომპანიის მიერ სამუშაოების განახლებას საზოგადოების განსხვავებული რეაქცია მოჰყვა. ჩვენს გულისწყრომას იწვევს ის, რომ იმ ადამიანების მოსაზრება, ვისი ბედიც უშუალოდ არის დაკავშირებული კომპანიასთან, წარმოებასთან ამ დღეებში ნაკლებად ისმის. ყაჩაღიანის უბანზე საქმიანობის აღდგენამ იმედი გაგვიჩინა, რომ გვექნებოდა გარანტირებული სამუშაო, გაუმჯობესდებოდა ჩვენი შრომის პირობები და დაბაში და მთლიანად რაიონში არსებული ეკონომიკური მდგომარეობა. სამწუხაროდ ამ დღეებში ხშირად გაისმის სამუშაოების შეწყვეტის მოთხოვნა.ჩვენთვის განსაკუთრებით მტკივნეული იყო პრეზიდენტის განცხადება, სადაც კვლავ გაისმა საქმიანობის შეჩერების მოთხოვნა. როგორც ვიცით, არსებობს აგრეთვე იმის საფრთხე, რომ არ გაგრძელდეს კომპანიის ლიცენზია, რომელიც ყაჩაღიანის უბანზე წარმოების საშუალებას აძლევს. ჩვენ კარგად ვიცნობთ საწარმოში არსებულ მდგომარეობას და ვიცით, რომ რაიმე მიზეზით ყაჩაღიანის უბანზე საქმიანობის შეწყვეტას მოჰყვება საწარმოს სრული გაჩერება და ათასობით დასაქმებულის დათხოვნა, რაც ასევე მათი ოჯახების ყოველგვარი შემოსავლის გარეშე დარჩენას ნიშნავს. კაზრეთში შემოსავლის სხვა წყარო არ არსებობს, თითქმის მთელი დაბა „არემჯი გოლდისა“ და „არემჯი კოპერის“ წარმოებაზეა დასაქმებული ან არაპირდაპირ დამოკიდებული.
კატეგორიულად მოვითხოვთ, შეწყდეს ამ თემით სპეკულირება და მოგვცენ საშუალება გავაგრძელოთ საქმიანობა. ხოლო ვინც ჩვენს უკითხავად მსჯელობს ჩვენს ბედსა და მდგომარეობაზე, მოვუწოდებთ, მათ შორის საქართველოს პრეზიდენტს, ჩამობრძანდეს ადგილზე და გაეცნოს აქ არსებულ მდგომარეობას. ჩვენ მზად ვართ დავიცვათ ჩვენი უფლებები ყველა არსებული ხერხითა და საშუალებით და არავის მივცემთ უფლებას გაგვიჩეროს წარმოება და ბედის ანაბარად დატოვოს მთელი საწარმოო კოლექტივი.
დაბა კაზრეთის მოსახლეობა: