19 დეკემბერს პრობაციის ეროვნული სააგენტოს უფროსის მოადგილემ თეიმურაზ მაღრაძემ და კავშირ „ადამიანებისთვის განსაკუთრებულ ზრუნვას რომ საჭიროებენ" გამგეობის თავმჯდომარემ მარინა ბულიამ, პირობით მსჯავრდებულთა სოციალური ფუნქციონირებისა და რესოციალიზაციის ხელშეწყობის მიზნით, თანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერეს ხელი.
ხელმოწერილი დოკუმენტის საფუძველზე, სისტემატიზებულ სახეს შეიძენს მხარეებს შორის თანამშრომლობის პრაქტიკა, რომელიც გულისხმობს მოხალისე პრობაციონერების ჩართვას შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანების მხარდაჭერის პროცესში. პრობაციის ეროვნული სააგენტოს მიერ, რისკებისა და საჭიროებებათა შეფასების საფუძველზე შერჩეული პირობით მსჯავრდებულები, გარკვეული პერიოდი იმუშავებენ კავშირშის ბაზაზე, სოციალური თერაპევტის თანაშემწის პოზიციაზე.
თეიმურაზ მაღრაძის განცხადებით, ეს თანამშრომლობა სასარგებლო იქნება, როგორც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის, რომლებიც პრობაციონერისგან საჭირო მხარდაჭერას მიიღებენ ასევე, პირობით მსჯავრდებულისთვის, ვისაც ეს საქმიანობა საზოგადოებასთან რეინტეგრაციაში დაეხმარება.
2014 წელს, პრობაციის ეროვნულმა სააგენტომ, პირობით მსჯავრდებულთა რესოციალიზაციის ხელშეწყობის მიზნით, თანამშრომლობის მემორანდუმები უკვე გააფორმა: დაცული ტერიტორიების სააგენტოსთან; ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრთან; ა/ო „ახალ გზასთან"; სოციალური მომსახურების სააგენტოსთან; შპს „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიასთან"; საერთაშორისო ორგანიზაცია „ჰილფსვერკ ავსტრიასთან" (HWA) და იძულებით გადაადგილებულ ქალთა ასოციაცია „თანხმობასთან".