თელავში კახეთის პრობაციის ბიუროს განახლებული ოფისი გაიხსნა

თელავში კახეთის პრობაციის ბიუროს განახლებული ოფისი გაიხსნა

კახეთის პრობაციის ბიურო ფუნქციონირებას თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილ შენობაში გააგრძელებს. 16 დეკემბერს თელავში, განახლებული ოფისის გახსნას სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი გიორგი მღებრიშვილი და პრობაციის ეროვნული სააგენტოს უფროსი გიორგი არსოშვილი დაესწრნენ.

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა განაცხადა, რომ განახლებული ინფრასტუქტურა და სამუშაო პირობების საგრძნობლად გაუმჯობესება კახეთის პრობაციის ბიუროს თანამშრომლებს დაეხმარება საქმიანობასა და  მათ წინაშე მდგარი ამოცანების წარმატებით გადაჭრაში.  

რეკონსტრუქციის შედეგად, ოფისში მოეწყო პრობაციონერთა სარეგისტრაციო და ინდივიდუალური გასაუბრების ოთახები, პრობაციის ოფიცრების, სოციალურ მუშაკთა და ფსიქოლოგის კაბინეტები, აგრეთვე ჯგუფური თერაპიის ოთახი. ოფისში ფუნქციონირებს ვიდეოპაემნის სერვისი, რომლის საშუალებითაც მოქალაქეებს შესაძლებლობა ეძლევათ სასჯელაღსრულების დაწესებულებებში მყოფ მსჯავრდებულებთან ვიზუალური და ხმოვანი კონტაქტი განახორციელონ.

ინფრასტრუქტურის განვითარება პრობაციის სისტემის რეფორმის ერთ-ერთ ძირითად მიმართულებას წარმოადგენს. 2014 წელს განახლებული ოფისები, თელავის გარდა, გაიხსნა ტყიბულში, ზესტაფონში, ხულოსა და შუახევში.