გია ხუბუა:

გია ხუბუა: "დიახ"- თვითგამორკვევას, "არა"- სეცესიას

"რუსეთსა და აფხაზეთს შორის სამოკავშირეო და ინტეგრაციული ურთიერთობების შესახებ" ხელშეკრულების პროექტზე აფხაზი საზოგადოების დიდი ნაწილის უარყოფითი რეაქცია უნდა შეფასდეს როგორც ახალი გამოწვევა ქართულ-აფხაზური ურთიერთობებისთვის. არ უნდა გვქონდეს იმის ილუზია, რომ თბილისის სახით სოხუმს უკვე ეგულება მოკავშირე მოსკოვის ექსპანსიონისტური გეგმების საწინააღმდეგოდ. ამავე დროს, შექმნილ სიტუაციაში მნიშვნელოვანია ნებისმიერი დისკურსი, რომლის ინიციატორიც იქნება ქართული მხარე და რომელიც აფხაზურ მხარეს მუდმივად შეახსენებს თბილისთან შესაძლო "ალიანსის" პერსპექტივებს.

ქართულ-აფხაზური ურთიერთობების ერთ-ერთი მწვავე საკითხი თვითგამორკვევის უფლებას უკავშირდება. ვაღიარებთ თუ არა აფხაზების უფლებას თვითგამორკვევაზე და რამდენად არის თბილისი მზად, რომ აფხაზ ეთნოსს შესთავაზოს თვითგამორკვევის უფლების სხვადასხვა ფორმები? მოკლე პასუხი ამ კითხვაზე შეიძლება იყოს- "დიახ".

1. თვითგამორკვევის უფლება არ ნიშნავს გამოყოფის (სეცესიის) უფლებას

თვითგამორკვევის უფლება სადავოა საერთაშორისო სამართლის სპეციალისტებს შორის. მართალია, თვითგამორკვევის უფლება აღიარებულია სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების საერთაშორისო პაქტით და საერთაშორისო სასამართლოს მთელ რიგ გადაწყვეტილებებში როგორც უნივერსალური უფლება, მაგრამ დღემდე არ არის განსაზღვრული მისი ზუსტი შინაარსი. გარდა ამისა, თვითგამორკვევის უფლება წინააღმდეგობაში მოდის საერთაშორისო სამართლის უმნიშვნელოვანეს პრინციპთან- სახელმწიფოთა ტერიტორიული მთლიანობის პრინციპთან. არ არსებობს საერთაშორისო-სამართლებრივი ნორმა, რომელიც გამოყოფის უფლებას (სეცესიას) პირდაპირ უშვებს ან კრძალავს.

თვითგამორკვევის უფლების მიმართ კრიტიკული დამოკიდებულებაა სამეცნიერო ლიტერატურაშიც. თვითგამორკვევის უფლების დამცველთათვის ხალხი, როგორც წესი, მხოლოდ აუცილებელი ინსტრუმენტია ძალაუფლების ხელში ჩასაგდებად. თვითგამორკვევა არის ნიშანი, რომ უძლური ხარ იცხოვრო ისეთ სიტუაციაში, როდესაც თავისუფლება არსებობს მრავალფეროვნებაში (დარენდორფი).

თვითგამორკვევის კოლექტიური უფლება წინააღმდეგობაში მოდის პიროვნების ინდივიდუალურ უფლებებთან. თვითგამორკვევის უფლებას ხშირად იყენებენ როგორც ერთგვარ ალიბს ჰომოგენურობისათვის. ჰომოგენურობა კი ყოველთვის ნიშნავს უმცირესობათა დევნას ან ჩაგვრას. კოლექტიური უფლებები, როგორც წესი, ემსახურება ადამიანების ჩაგვრას (დამონებას) და არა მათ განთავისუფლებას. თვითგამორკვევა არის მე-20 საუკუნის ყველაზე დიდი შეცდომა (დარენდორფი- "მხოლოდ ადამიანებს აქვთ უფლება", 1989).

როდესაც ლინკოლნი სამხრეთის სეპარატისტულ შტატებს ებრძოდა, მიუთითებდა, რომ მხოლოდ ფედერაცია არის ამერიკის თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის გარანტი. ლინკოლნის აზრით, თუ ჩრდილოეთ ამერიკა ცალკეულ ერებად დაქუცმაცდებოდა, ისე როგორც სამხრეთ ამერიკა, დაკარგავდა ორივეს- როგორც თავისუფლებას, ისე დამოუკიდებლობას. მით უფრო უცნაურია ის ფაქტი, რომ სწორედ ამერიკელმა პრეზიდენტმა ვილსონმა ვერსალში, 1918 წელს გამოაცხადა ხალხთა ეროვნული თვითგამორკვევის უფლება.

ვილსონი წარმოშობით იყო სამხრეთის (სეპარატისტული) შტატებიდან და გარკვეული დროის განმავლობაში მხარს უჭერდა კუ-კლუქს-კლანს. რეალურ პრაქტიკაში, ვილსონის მიერ დეკლარირებული ხალხთა თვითგამორკვევის უფლება მიმართული იყო ავსტრია-უნგრეთის წინააღმდეგ.

ხალხთა თვითგამორკვევის უფლება როგორც კოლექტიური უფლება იმთავითვე ნაციონალისტური აგრესიული მუხტით იყო გაჯერებული. ჯერ კიდევ ამერიკის მაშინდელი საგარეო საქმეთა მინისტრი რობერტ ლენსინგი მიუთითებდა, თუ რამდენად სახიფათო იყო ის ჯინი, რომელიც პრეზიდენტმა ვილსონმა ბოთლიდან "ამოუშვა". ლენსინგის აზრით, სიტყვა "თვითგამორკვევა" დინამიტივით იყო დამუხტული და მომავალშიც წარმოუდგენლად დიდ საფრთხესა და გაჭირვებას უმზადებდა მთელ ერებსა და ხალხებს.

2.     რა არის "ხალხი"?

"ხალხთა თვითგამორკვევის უფლების" კონსტრუქციაში ყველაზე პრობლემურია "ხალხის" დეფინიცია. რა არის "ხალხი"? თუ "ხალხის" ცნება მოიცავს ყველა ეთნოსს, მაშინ თვითგამორკვევის სუბიექტად უნდა ვაღიაროთ მსოფლიოში დღეს არსებული თითქმის 5.000 ეთნოსი, რაც აბსურდულ სიტუაციამდე მიგვიყვანს.

თანამედროვე დინამიკურ და მობილურ მსოფლიოში შეუძლებელია ერთმანეთს დაემთხვეს ერის განსახლებისა და სახელმწიფოს საზღვრები. თუ გავავრცელებთ ცნობილი მეცნიერის, დარენდორფის სიტყვებს საქართველოზე, თვითგამორკვევის უფლება არ ნიშნავს, რომ "ქართველს აქვს უფლება იცხოვროს მხოლოდ ქართველებთან", ისევე როგორც თვითგამორკვევა არ ნიშნავს "აფხაზის უფლებას იცხოვროს მხოლოდ აფხაზებთან".

თვითგამორკვევა ნიშნავს, რომ როგორც ქართველი, ისე აფხაზი არის თანასწორი თანასწორთა შორის და აქვს საკუთარი კულტურული და პოლიტიკური უფლებების რეალიზაციის შესაძლებლობა. თვითგამორკვევა გულისხმობს, რომ ხალხს მიეცეს ისეთ გარემოში ცხოვრების შესაძლებლობა, რომელიც გაითვალისწინებს მის ინდივიდუალურ თავისებურებებს, დაიცავს და განავითარებს საკუთარი იდენტურობის განმსაზღვრელ პოლიტიკურ, სოციალურ და კულტურულ უფლებებს. ამ თვალსაზრისით, თვითგამორკვევის უფლება ნიშნავს უფლებას ავტონომიაზე.

3. თვითგამორკვევა არის უფლება დემოკრატიაზე და არა სახელმწიფოებრიობაზე

სწორედ იმ ეთნოსს ან ხალხს არ აქვს სეცესიის უფლება, რომლის იდენტურობა და თვითმყოფობა დაცულია ერთიანი სახელმწიფოს ფარგლებში. თვითგამორკვევა სავსებით შესაძლებელია განხორციელდეს ეთნიკური ჯგუფისთვის მინიჭებული პოლიტიკური ავტონომიის ფორმით.

ეროვნულ უმცირესობას სეცესიისა და სუვერენიტეტის გამოცხადების გარეშეც შეუძლია დამოუკიდებლად განსაზღვროს თავისი პოლიტიკური სტატუსი ერთიანი სახელმწიფოს საზღვრებში. თვითგამორკვევა ნიშნავს დამოუკიდებელი მმართველობის ფორმის არჩევისა და სახელმწიფოში გადაწყვეტილებათა მიღების პროცესში მონაწილეობის შესაძლებლობას.

4. მოსაზრებები აფხაზეთის სტატუსის შესახებ

ა) აფხაზეთის სტატუსი განისაზღვრება ფედერალური ხელშეკრულებით. ხელშეკრულება გახდება საქართველოს კონსტიტუციის შემადგენელი ნაწილი. საქართველოს კონსტიტუციის ამ ნაწილში ცვლილებების შეტანა მოხდება მხოლოდ აფხაზურ მხარესთან წინასწარი კონსულტაციებით და ძალაში შევა აფხაზეთის პარლამენტის მიერ მისი მოწონების შემდეგ.

ბ) ორივე მხარე აღიარებს, რომ ფედერალური კავშირი არის "დანაწილებულის გამთლიანების" და არა "ერთიანის დანაწილების" საშუალება.

გ) აფხაზეთი არის ერთიანი ქართული სახელმწიფოს "წევრი" და არა "ნაწილი" (როგორც ეს ავტონომიების და დეცენტრალიზებული უნიტარული სახელმწიფოს შემთხვევაშია). შესაბამისად, აფხაზეთის მართლწესრიგი არის არა დელეგირებული მართლწესრიგი, არამედ სახელმწიფოს "წევრი-მართლწესრიგი". აფხაზეთს ცენტრი არ "აძლევს" კომპეტენციებს, რადგან მას ვინც რამეს "იძლევა", შეუძლია მიცემულის "წართმევაც". ქართულ-აფხაზური ურთიერთობა დაეფუძნება "ნონ-ცენტრალიზაციის" პრინციპს. ეს პრინციპი გამორიცხავს ისეთი "სუპერ-ინსტანციის" არსებობას, რომელსაც თავისი სურვილის მიხედვით შეუძლია სახელმწიფო უფლებამოსილებათა დე- ან რეცენტრალიზაცია. თბილისსა და სოხუმს შორის ურთიერთობა არ გამორიცხავს იერარქიას, მაგრამ ამ ურთიერთობისათვის უცხო იქნება "ცენტრი - პერიფერიის" მოდელი.

დ) ეთნიკურად აფხაზი განიხილება არა როგორც უმცირესობა, არამედ როგორც ქართული სახელმწიფოს ჩამომყალიბებელი ერთ-ერთი ერი

ე) ქართული მხარე ითვალისწინებს აფხაზთა რეგიონული იდენტურობის გრძნობას და მოსახლეობის დანარჩენი ნაწილისაგან გამორჩეულობის შეგრძნებას. საქართველო იქნება აფხაზთა კულტურული თვითმყოფობის, ენის, ისტორიის, ეროვნული იდენტურობის დაცვის გარანტი. საქართველო აღიარებს ფედერალურ პრინციპს: "ერთიანობა მრავალფეროვნებაში" და ხელს შეუწყობს აფხაზთა კულტურულ განვითარებას. თავის მხრივ, აფხაზეთის ხელისუფლება ვალდებულია დაიცვას აფხაზეთის მოსახლეობის კონსტიტუციური უფლებები განურჩევლად ინდივიდის ეთნიკური კუთვნილებისა, სოციალური მდგომარეობისა და აღმსარებლობისა.

ვ) აფხაზთა დემოგრაფიული სიტუაციის გათვალისწინებით შესაძლებელია დავუშვათ ე.წ. პოზიტიური დისკრიმინაციის სისტემა, რომელიც გულისხმობს ეთნიკური აფხაზების მიმართ განსაკუთრებული ხელშეწყობის პოლიტიკის გატარებას. ამასთანავე, ეს სისტემა უნდა გამორიცხავდეს უმრავლესობის კანონიერი უფლებების დარღვევას, ხოლო "უმცირესობის კარგად ყოფნა" არ უნდა ნიშნავდეს "უმრავლესობის ცუდად ყოფნას". ამ სისტემამ, ასევე, არ უნდა წაახალისოს აფხაზების თვითიზოლაცია, ხელი არ უნდა შეუშალოს სამუშაო ძალის თავისუფალ გადაადგილებას და სხვ.

ზ) ფედერალურ კავშირში გაერთიანებით აფხაზეთი თანახმაა, რომ მთელი რიგი კომპეტენციები გადაეცეს ცენტრს. რასაც აფხაზეთი "დაკარგავს" კომპეტენციების მოცულობის თვალსაზრისით, მოიგებს მას "სივრცეში". კერძოდ, აფხაზეთი მონაწილეობას მიიღებს სახელმწიფო ხელისუფლების განხორციელებაში მთელი ქვეყნის მასშტაბით. აფხაზეთი ღებულობს არა მარტო ფართო ავტონომიას, არამედ იღებს პასუხისმგებლობას მთლიანად საქართველოს სახელმწიფოს მართვაზე საქართველოს პარლამენტის მეორე პალატაში, აღმასრულებელ, სასამართლო ხელისუფლებასა და კონსტიტუციურ მართლმსაჯულებაში მონაწილეობით. ამ მონაწილეობის ფორმები განისაზღვრება მხარეთა შორის შეთანხმებით.

თ) ფედერალურ კავშირში გაერთიანებით აფხაზეთს ეძლევა უფრო ფართო ბაზარზე გასვლის, ცენტრალური ხელისუფლების ფინანსური რესურსების განაწილებასა და საერთაშორისო ურთიერთობებში მონაწილეობის პერსპექტივა.

ი) აფხაზეთი მონაწილეობს ერთიანი სახელმწიფო ნების ფორმირების პროცესში საქართველოს პარლამენტის მეორე პალატის მეშვეობით. ამ პალატაში აფხაზეთის წარმომადგენლების არჩევა მოხდება ან უშუალოდ აფხაზეთის მოსახლეობის მიერ, ან აფხაზეთის პარლამენტის მიერ, ან მეორე პალატაში წარმოდგენილი იქნებიან აფხაზეთის მთავრობის წევრები.

კ) აფხაზეთის კონსტიტუცია უნდა შეესაბამებოდეს დემოკრატიის, სოციალური და სამართლებრივი სახელმწიფოს, რესპუბლიკანიზმის იდეებს.

ლ) აფხაზეთის ტერიტორიული საზღვრების შეცვლა დასაშვებია მხოლოდ საქართველოს პარლამენტისა და აფხაზეთის პარლამენტის თანხმობით.

მ) საქართველოს კონსტიტუციით განისაზღვრება კომპეტენციების განაწილების შემდეგი სისტემა: 1) ფედერალური ხელისუფლების კომპეტენციები; 2) აფხაზეთის კომპეტენციები; 3) კონკურირებადი კომპეტენციები; 4) ერთობლივი კომპეტენციები. კომპეტენციები, რომელიც კონსტიტუციით არ განეკუთვნება საქართველოს გამგებლობას, დარჩება აფხაზეთის გამგებლობაში.