საერთაშორისო ურთიერთობები, გეოპოლიტიკა და საქართველო (მეორე ნაწილი)

საერთაშორისო ურთიერთობები, გეოპოლიტიკა და საქართველო (მეორე ნაწილი)

საერთაშორისო ურთიერთობათა მიმართ ინტერესი მეორე მსოფლიოს ომის შემდგომ ამერიკაში მკვეთრად გაიზარდა. საერთაშორისო ურთიერთობები, როგორც სამეცნიერო დისციპლინა, უფრო და უფრო აკადემიურ ხასიათს იძენდა. 40-იან წლებში გამოქვეყნდა რამდენიმე შრომა, რომლებსაც შემდგომში მიჰყვებოდა საერთაშორისო ურთიერთობათა მეცნიერების განვითარების ვექტორი. მათ შორის გამორჩეულია ამერიკელი ჰ. მორგენთაუს “ქვეყნების პოლიტიკა: ბრძოლა ძალაუფლებისა და მშვიდობისათვის.” ამ წიგნში ჩამოყალიბებულია პოლიტიკური რეალიზმის 6 ძირითადი პრინციპი. მკითხველმა თავად განსაჯოს თუ რამდენად ყურადსაღებია თითოეული პრინციპი:

  1. პოლიტიკა იმართება ობიექტური კანონებით, რომელთა ფესვები ადამიანის ბუნებაშია. ეს კანონები რჩება ისეთივე, როგორიც აღწერეს ძველი ჩინეთის, ინდოეთისა და საბერძნეთის ფილოსოფოსებმა. საერთაშორისო პოლიტიკის ხასიათი შესაძლოა დადგინდეს მხოლოდ პოლიტიკური ქმედებებისა და მათი უშუალო შედეგების შეფასების გზით. სახელმწიფო მოღვაწემ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება გარკვეულ საგარეო პრობლემებთან დაკავშირებით გარკვეულ პირობებში და ეს გადაწყვეტილება უნდა იყოს სპონტანური, გამომდინარე რეალური ვითარებიდან;
  2. საერთაშორისო პოლიტიკაში გზის გაგნების მთავარი საშუალება ეროვნული ინტერესების კონცეფციაა. ეროვნული ინტერესები კი ძლიერებისა და ძალაუფლების მიღწევაში მდგომარეობს. ამიტომ პოლიტიკა ავტონომიურია სხვა სფეროებისაგან (ეკონომიკა, ეთიკა, რელიგია და სხვ). სახელმწიფო მოღვაწე ფიქრობს და მოქმედებს ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე. პოლიტიკური რეალიზმი მიიჩნევს, რომ კარგი საგარეო პოლიტიკა არის რაციონალური საგარეო პოლიტიკა, რადგან იგი ამცირებს რისკს და ზრდის შედეგს;
  3. სუვერენული სახელმწიფო და მისი ინტერესები ისტორიული პროცესის შედეგია. თუ სუვერენული სახელმწიფოების სამყარო აღარ იქნება, მაშინ ეროვნული ინტერსებიც აზრს დაკარგავს;
  4. ზნეობრივ მოთხოვნილებებსა და შედეგიან პოლიტიკურ ქმედებას შორის ხშირად წინააღმდეგობა არსებობს. რეალიზმიდან გამომდინარე უნივერსალური ზნეობრივი პრინციპები არ შეიძლება გამოყენებულ იქნას სახელმწოფოთა ქმედებებთან მიმართებაში მათი აბსტრაქტული უნივერსალური მნიშვნელობით და ისინი უნდა გაიფილტროს დროისა და სივრცის კონკრეტულ პირობებში. შესაძლებელი შედეგებიდან ყველაზე მომგებიანის არჩევა პოლიტიკოსის უმაღლესი მიღწევაა;
  5. არც ერთი ერისა და სახელმწიფოს ზნეობრივი მიზნები არ შეიძლება მივიჩნიოთ საყოველთაო ზნეობრივ კანონებად;
  6. პოლიტიკური სფერო ავტონომიურია. პოლიტიკის სფეროში ქმედებების შეფასება უნდა მოხდეს არა საყოველთაო ზნეობრივი ნორმებისა და წესების თანახმად, არამედ პოლიტიკური შედეგიანობის მიხედვით. ეს არ ნიშნავს იმას, რომ პოლიტიკოსი უზნეო უნდა იყოს, მაგრამ მისთვის უმაღლესი ზნეობა მისი ქვეყნის ინტერესებია.

პოლიტიკური რეალიზმის ფესვების ძიებას მივყავართ ძველი საბერძნეთის ჩვ. წ. აღრ-მდე V საუკუნის ისტორიკოს თუკიდიდემდე. მის ცნობილ ნაშრომში “ოსტორია”, რომელიც პელოპონესის ომს მიუძღვნა. თუკიდიდე აღწერს საბერძნეთის ქალაქ სახელმწიფოთა სისტემის იერარქიულობას, ორი ჰეგემონის -ათენისა და სპარტის კოალიციებს, მათ შორის არსებულ ძალთა წონასწორობის დარღვევას და ომის მიზეზად ათენის განდიდებას და ამის გამო სპარტის შევიწროების სურვილს მიიჩნევს. ავტორი ყურადღებას უთმობს უფრო პატარა პოლისების ლავირებას დიდ პოლისებთან ურთიერთობაში, მათ სურვილს მიემხრონ უფრო ძლიერს, რომ თავი გადაირჩინონ, ან ძალთა წონასწორობა შექმნან და საომარი მოქმედებები თავიდან აიცილონ. (სულ სააკაშვილივით საკუთარ სახელმწიფოზე მზრუნველი და პასუხისმგებლობის მქონე ხელისუფალნი ჰყოლიათ ანტიკურ ხანაში. ეს, ისე, ირონიის სახით). ერთი სიტყვით, თუკიდიდე ლამის თანამედროვე საერთაშორისო პოლიტიკას აღგვიწერს. მის ნაშრომში ნაჩვენებია, რომ სახელმწიფოები იღწვიან ძალაუფლებისთვის, რომ ისინი თავიანთ ინტერესებს ზნეობაზე მაღლა აყენებენ, რომ ადამიანში ჩადებულია ბატონობისა და ძალაუფლების სურვილი. ამ თეორიის გამო თუკიდიდეს პოლიტიკური რეალიზმის წინამორბედად მიიჩნევენ.

ფლორენციელი ნიკოლო მაკიაველი (1469-1527წწ) აგრეთვე პოლიტიკური რეალიზმის ერთ-ერთი ფუძემდებელია. მისი ნაშრომი “მთავარი” პოლიტიკური რეალიზმის იდეების მატარებელია. მაკიაველის აზრითაც პოლიტიკაში ზნეობრივი ნორმები ემორჩილება სახელმწიფო ინტერესებს.

ინგლისელი თომას ჰობსის (1588-1679წწ.) შეხედულებები ასევე პოლიტიკური რეალიზმის ქვაკუთხედს ქმნის. ჰობსის აზრით, სამყაროში, რომელშიც არ არის უზენაესი ხელისუფლება, ბუნებრივი მდგომარეობაა “ყველას ომი ყველას წინააღმდეგ”. “იქ, სადაც არ არსებობს უზენაესი ხელისუფლება, არ არსებობს კანონიც, ხოლო იქ სადაც არ არსებობს კანონი, არ შეიძლება არსებობდეს სამართლიანობა”. ჰობსის თანახმად ხალხების ბუნებრივი მდგომარეობა ომისთვის მზადება და ომია. მშვიდობაც კი ომის მოლოდინი და მისთვის მზადებაა.

აღნიშნული შეხედულებებიდან გამოსჭვივის ისეთი სურათი, რომ საერთაშორისო ურთიერთობებში ბატონობს ძალა და მასთან უთანასწორო ბრძოლაში სუსტი განწირულია დამარცხებისათვის. უნდა ჩავთვალოთ, რომ სისუსტეში, ამავე დროს, იგულისხმება ძლიერ სახელმწიფოებთან სუსტი სახელმწიფოების მხრიდან საჭიროების შემთხვევაში დიპლომატიის უქონლობის უნარი. საქართველოს ისტორია უპირატესად სწორედ ქართველ მეფეთა და სახელმწიფო მოღვაწეთა დიპლომატიის ისტორიაა და არა მარტო ომების, როგორც აქამდე იყო უფრო ფართოდ მიღებული.

თანამედროვე რეალიზმის ფესვები გერმანელი ფილოსოფოსის მაქს ვებერის (1864-1920წწ.) შეხედულებებში იკვეთება. მისი აზრით, სახელმწიფოები ჩართულნი არიან გადარჩენისათვის დაუსრულებელ ბრძოლაში და მშვიდობა მხოლოდ კონფლიქტის ერთ-ერთი ფორმაა. სახელმწიფოს პოლიტიკა კი ძალაუფლებისათვის ბრძოლის პრიმატს ემყარება.

პოლიტიკური რეალიზმის ცნობილ თეორეტიკოსს წარმოადგენს ამერიკელი თეოლოგი რაინჰოლდ ნიბური (1892-1971 წწ.) ნიბურის უპირველესი მიზანი იყო ქრისტიანული კონცეფციის ზემოქმედების გავრცელება საზოგადოებრივ ცხოვრებაზე, მაგრამ, მიუხედავად მისი თეოლოგიური მსოფლმხედველობისა, იგი იმდენად რეალურ აქცენტებს აკეთებდა საერთაშორისო ურთიერთობათა სფეროში, რომ მისმა შეხედულებებმა ცივი ომის ეპოქაში საკმაო გავლენა იქონიეს აშშ-ს საგარეო პოლიტიკაზე. მისი აზრით, საერთაშორისო პოლიტიკაში უძლიერესი ქვეყნების ჰეგემონობა გარდაუვალია, რაც იმპერიალიზმსაც შეიძლება ნიშნავდეს. ამიტომ ყველა ქვეყანა უნდა ეწინააღმდეგებოდეს იმპერიალიზმის გაბატონებას. ამის საშუალება კი არის ძალთა წონასწორობის მექანიზმი, მაგრამ ქვეყნების შიგნითაც და ქვეყნებს შორისაც კონსტიტუციური სამართალი უნდა სუფევდეს. ნიბური წერს, რომ ადამიანის ბატონობისკენ სწარაფვა ეროვნულ-სახელმწიფოებრივ დონეზე თავის დასრულებულ სახეს იძენს. მისი შეხედულებით, ხანგრძლივი იზოლაციის შედეგად აშშ სხვა სახელმწიფოებთან ურთიერთობაში ვერ გრძნობდა რომ საერთაშორისო პოლიტიკის საფუძველს მაინც ძალა წარმოადგენს. აშშ ჩაერთო მსოფლიო ბატონობისთვის ბრძოლაში და იდეალისტური წარმოდგენები მსოფლიო წესრიგის შესახებ დავიწყებას უნდა მისცეს, რადგან პოლიტიკური თეორია პოლიტიკური პრაქტიკიდან გამომდინარეობსო.

პოლიტიკური რეალიზმის მიმდევარი იყო ცნობილი ამერიკელი დიპლომატი ჯორჯ ქენანი (1904-2005წწ.) იგი მიიჩნევდა, რომ დახვეწილ დიპლომატიას დიდი შესაძლებლობები აქვს გულუბრყვილო მორალიზმთან და წმინდა სამხედრო მიდგომასთან შედარებით. ამავე დროს, ხაზს უსვამს, რომ საერთაშორისო სისტემა იერარქიული უნდა იყოს, რომელშიც წესრიგს ძლიერი ქვეყნები დაამყარებენ. პატარა ქვეყნების შესახებ ქენანი უფრო შორს მიდის: “სუსტი და უუნარო ქვეყნების მთელი გროვაა, რომელთა სუვერენული სტატუსი სრული უაზრობაა. არსებობს ძალიან ბევრი ახალი პატარა სახელმწიფო გამოუცდელი მთავრობით, ქვეყნები ეროვნული სახელმწიფოებრიობის სუსტი ტრადიციებით. მერწმუნეთ, ისინი ერთმანეთთან ბრძოლას დაიწყებენ და ჩვენი, როგორც ძლიერი ქვეყნების როლი უნდა იყოს ამ კონფლიქტების იზოლირება, შერბილება, რადგან ისინი დიდ ზიანს მიაყენებენ მსოფლიო მშვიდობას”.

ამ ფრაზის კომენტარი ის იქნება, რომ თითქოს და კავკასიაში მიმდინარე კონფლიქტებზე ლაპარაკობდა ეს საუკუნენაცხოვრები გამოცდილი პოლიტიკოსი.

საყურადღებოა გამოჩენილი ამერიკელი დიპლომატისა და საზოგადო მოღვაწის ჰენრი კისინჯერის (დაბ. 1928წ.) მოსაზრებები, რომელიც სახელმწიფოს საშინაო და საგარეო პოლიტიკის ურთიერთკავშირსა და ურთიერთდამოკიდებულებას ეხება. მისი აზრით, სტაბილური პოლიტიკური სტრუქტურების მქონე სახელმწიფოები არ წარმართავენ რევოლუციურ და ავანტიურისტულ საგარეო პოლიტიკას. მსგავსი შიდა პოლიტიკური სტრუქტურები საერთაშორისო პოლიტიკაში კონსესუსისა და კანონიერების საწინდარია.

აქაც გვენიშნა, ალბათ, ნაცრეჟიმის ავტოკრატული სისტემის როლი აგვისტოს თავსმოხვეული ავანტიურისტული ომის დაწყების საკითხში. საქართველოში რომ ნორმალური დემოკრატიული სახელმწიფო სისტემა ყოფილიყო, მაშინ შიდა პოლიტიკური კონსესუსის არქონის პირობებში ხელისუფლება ამგვარ უპასუხისმგებლო ნაბიჯს ვერ გადადგამდა.

საერთაშორისო ურთიერთობათა ცნობილი თეორეტიკოსია ფრანგი რაიმონ ანონი (1904-1983წწ.) მისი შეხედულებით ჰეგემონური საერთაშორისო სისტემები უფრო სტაბილური და “მშვიდია”. იგი ამბობს, რომ არსებობს მშვიდობის სამი ტიპი: წონასწორობა, ჰეგემონობა და იმპერია და სახელმწიფოები ყოველ პერიოდში ერთ-ერთ მდგომარეობაში იმყოფებიან, ესენია: 1. წონასწორობა; 2. ერთ-ერთი მათგანის დომინირება; 3. ერთ-ერთი მონაწილის სრული უპირატესობა. პატარა სახელმწიფოებს არ ძალუძთ სტატუს-ქვოს შეცვლა, ხოლო ჰეგემონი სახელმწიფო ურიგდება მათ არსებობას და არ შთანთქავს მათ, რასაც ვერ ვიტყვით იმპერიაზე.

საინტერესოა ფარნგი პოლიტოლოგის არნოლდ ვოლფერსის (1892-1968წწ.) შეხედულებები. მისი აზრით, სახელმწიფოს საგარეო პოლიტიკა უნდა წარიმართოს ეროვნული (სახელმწიფოს) ინტერესებიდან გამომდინარე, ხოლო ეროვნული ინტერესები მოიცავს, პირველ ყოვლისა, ტერიტორიულ მთლიანობას, დამოუკიდებლობას და გადარჩენას.

ამ ფრაზის სააკაშვილისთვის გაცნობის შემდგომ, სიამოვნებით დავუსვამდი მას ამგვარ კითხვას, ზემოაღნიშნული ეროვნული (სახელმწიფო) ინტერესებიდან რომელი მათგანი იყო გათვალისწინებული, როცა აგვისტოს 7-ში ღამით შლეგური ოპერაცია წამოიწყო ცხინვალის წინააღმდეგ, სადაც რუსი სამშვიდობოები იდგნენ, რომელთა შორის მსხვერპლი, დიდი გამჭრიახობა არ სჭირდებოდა, რომ აუცილებლად იქნებოდა, თუნდაც იმის გამო, რომ ეს რუსეთის ინტერესებში შედიოდა, რათა მისცემოდა აშკარა საბაბი საქართველოსთან გამანადგურებელი ომის დაწყებისა.

ასევე, არნოლდ ვოლფერსს სუსტი სახელმწიფოების შესახებ ეკუთვნის ტერმინი “სუსტის ძლიერების” შესახებ. მას მიაჩნია, რომ სუსტ ქვეყნებსაც შეუძლიათ შედეგიანი პოლიტიკა გაატარონ არა მხოლოდ სხვისგან ძალის “სესხებით”, არამედ საკუთარი შესაძლებლობების მართებული გამოყენებით, სუსტი ქვეყნების სოლიდარობაზე დაყრდნობით.

ორიოდე სიტყვა საერთაშორისო ურთიერთობებში დიპლომატიის მნიშვნელობის შესახებაც ვთქვათ. ბატონი ალ. რონდელი სწორად შენიშნავს როცა ამბობს, რომ “სამხედრო ძალის გარეშე დიპლომატიასაც აზრი ეკარგება. ძალის ჩვენება ან თუნდაც მისი არსებობა თავის როლს ყოველთვის ასრულებს. დიპლომატები მიდიან გარიგებაზე, კომპრომისზე, რადგან იციან რა მოხდება ძალის გამოყენების შედეგად. ძალა დიპლომატების პასუხისმგებლობის, “დისციპლინის” საწინდარია. დიპლომატია ვაჭრობაა, მოლაპარაკებაა - მისი მიზანი ისეთი შედეგის მიღწევაა, რომელიც იდეალური შეიძლება არ იყოს მონაწილე მხარეებისთვის, მაგრამ სჯობს ზოგიერთ ალტერნატიულს, რომლებიც სამხედრო ძალის გამოყენებას გულისხმობს. რანაირადაც არ უნდა წარიმართოს მოლაპარაკება და რანაირადაც ცუდ ურთიერთობაში არ უნდა იმყოფებოდნენ მხარეები, მოლაპარაკებებში ყოველთვის შეინიშნება საერთო ინტერესი და ორმხრივი ზიანის თავიდან აცილების მცდელობა.”

თომას შელინგი დიპლომატიის შესახებ საინტერესო შეხედულებებს ავითარებს: “როცა საკმარისი სამხედრო ძალა გაქვს, მაშინ დიპლომატია -“ვაჭრობაც” აღარ გინდა. დიდი სამხედრო ძლიერების მქონე სახელმწიფოს ძალით შეუძლია მოიპოვოს ის, რაც სჭირდება და დაიცვას ის, რაც აბადია. ქვეყანას ყველაფერი ძალუძს, თუ მას აქვს საკმარისი ძლიერება. “საკმარისი” იმით განისაზღვრება, თუ როგორ სამხედრო ძლიერებას ფლობს მოწინააღმდეგე. სამხედრო ძალის გამოყენება ომს, ძალადობას ნიშნავს. ომს კი სულიერი და მატერიალური ფასეულობების მოსპობა, ადამიანთა ტკივილი, შიში და ტანჯვა მოაქვს. სამხედრო ძლიერების ეს მხარე - ტკივილის შიში, იწვევს შესაძლო მსხვერპლის მოტივაციას, სურვილს თავი დააღწიოს ამ ტკივილს. ძალადობის შიშით პიროვნებებს და სახელმწიფოებს შეუძლიათ დათმონ, სხვაგვარად მოიქცნენ, თავის არჩევანზე თუ გადაწყვეტილებაზე უარი თქვან. ძალადობის, ტკივილის მოყენების შესაძლებლობა - მოლაპარაკებათა მიღმა მდგომი სამხედრო ძალა, “ვაჭრობის” ნაწილია. მისი გამოყენება დიპლომატიაა, უზნეო, მაგრამ მაინც დიპლომატია”.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, დიპლომატია სახელმწიფოებს შორის ურთიერთობებში, განსაკუთრებით ძლიერსა და სუსტ სახელმწიფოს შორის ურთიერთობაში სადაო საკითხების, პრობლემების მშვიდობიანი გადაწყვეტის საშუალებაა, ანუ გარკვეული ინტერესებითა და მოთხოვნებით ვაჭრობა და მათი კომპრომისულად ურთიერთ დათმობების გზით შეთანხმების მიღწევაა. მეორე გზა კი არის ძალადობით ანუ ომის გზით ერთი მხარის, თავისთავად ძლიერი მხარის მიერ ამ ინტერესებისა და მოთხოვნების შესრულება. მაშასადამე, სახელმწიფოთა ურთიერთობებში ომით მოგებული რჩება მხოლოდ ძლიერი სახელმწიფო სუსტი სახელმწიფოს ხარჯზე, რაც ნიშნავს, რომ სუსტი სახელმწიფოსათვის ძლიერ სახელმწიფოსთან წარმოშობილი პრობლემების დიპლომატიის გზით მოგვარებას ალტერნატივა არა აქვს, თუ მისი პოლიტიკა საღ აზრს ექვემდებარება და ადეკვატურია.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, სამხედრო თვალსაზრისით რუსეთთან შედარებით ბევრად სუსტი სახელმწიფოს - საქართველოს პრეზიდენტისა და მთავარსარდლის სააკაშვილის მიერ დიპლომატიის უარყოფას და ეთნიკური კონფლიქტის ომის გზით მოგვარების მცდელობას სამხრეთ ოსეთში, სადაც მშვიდობას იცავდა გაეროს მანდატის მფლობელი რუსეთის სამხედრო ძალები და ამავე დროს, რუსეთის ხელისუფლებას მრავალჯერ ჰქონდა საჯაროდ დეკლარირებული, რომ არ დაუშვებდა საქართველოს მხრიდან საომარი გზით კონფლიქტის გადაჭრას, ხოლო ამერიკის უმაღლესი ოფიციალური პირებიდან იყო საქართველოს ხელისუფლების ასევე უამრავი გაფრთხილება, რომ არავითარ შემთხვევაში არ წამოგებულიყვენენ პროვოკაციებს და არ ჩაბმულიყვენენ რუსეთთან ომში, რადგან ასეთ შემთხვევაში ამერიკა მათ ვერ დაეხმარებოდა და განწირული იქნებოდნენ სასტიკი დამარცხებისთვის, სამგვარი შეფასება შეიძლება მიეცეს. ეს იყო, ან დაუფიქრებელი და მცდარი ქმედება, ან ფსიქიკურად გაუწონასწორებელი ადამიანის არაადეკვატური ქმედება, ან საქართველოს წინააღმდეგ მოწყობილი შეთქმულება, ანუ მოღალატეობრივი ქმედება.

აგვისტოს ომის საქართველოსთვის კატასტროფული შედეგებით დამთავრების მიუხედავად, სააკაშვილი მაინც არ აღიარებს თავის შეცდომას და ახლაც აგვისტოს მოვლენებში თავისი ქმედება გამართლებულად მიაჩნია, მაშასადამე, ამ ქმედების შეფასებისას უნდა გამოვრიცხოთ ცდომილების ფაქტორი. ამის შემდეგ რჩება აღნიშნული ქმედების შეფასების ორი ნაირსახეობა, ეს იყო ან ფსიქიკურად გაუწონასწორებელი ადამიანის არაადეკვატური ქმედება, ან საქართველოს წინააღმდეგ მოწყობილი შეთქმულება, ანუ მოღალატეობრივი ქმედება. ორივე ბრალდების გამოძიების საკითხი დამოუკიდებელი სასამართლოს პრეროგატივაა. თუმცა, რომელი ბრალდებაც არ უნდა დამტკიცდეს, სააკაშვილის ფსიქიკური მდგომარეობის გამორკვევა მაინც აუცილებელია, რადგან, ჯერ ერთი, ის არის დასადგენი, თუ რატომ არ აღიარებს სააკაშვილი აგვისტოს მოვლენებში საკუთარ შეცდომებს, ამით ხომ ის საერთაშორისო ურთიერთობების აღიარებული თეორიებისა და ამავე დროს, ევროსაბჭოს ფაქტების დამდგენი კომისიისა და ევროსაბჭოს ასამბლეის დასკვნების წინააღმდეგ ილაშქრებს, რაც მისი ნორმალური ფსიქიკური მდგომარეობის შესახებ, სულ მცირე, ლოგიკურ კითხვებს აჩენს.

მეორეც, თუნდაც დამტკიცდეს შეთქმულება საქართველოს წინააღმდეგ, ასეთ შემთხვევაშიც სააკაშვილის პიროვნების ფსიქიკური მდგომარეობა შესწავლის საგანი უნდა გახდეს, რომ გაირკვეს, თუ რატომ მოუვიდა თავში სახელმწიფოს პრეზიდენტსა და მთავარსარდალს მონაწილეობა მიეღო საკუთარი ქვეყნის უდიდესი ზიანის მიმყენებელ შეთქმულებაში, ისევე როგორც ანდერს ბრეივიკს 77 კაცის მკვლელობისათვის ნორვეგიაში ყველაზე უმაღლესი სასჯელი, 21 წლით თავისუფლების აღკვეთა კი მიუსაჯეს, მაგრამ ასეთი არნახული მასშტაბის დანაშაულის ჩადენისათვის მისი, როგორც ჰომო საპიენსის ფსიქიკური მდგომარეობა მაინც საეჭვოდ მიიჩნიეს.