ხუთშაბათს, 21 აგვისტოს, 21:00 საათზე, ბათუმში, (ზვიად გამსახურდიას ქუჩა #7) 2014 წელს გამოცემული ორი რომანის, ეკატერინე ტოგონიძის „Aსინქრონისა” და თეონა დოლენჯაშვილის “რეალური არსებების” წარდგინება გაიმართება. პრეზენტაციის ფარგლებში ავტორები ერთმანეთის წიგნებზე ისაუბრებენ. ბაკურ სულაკაურის გამომცემლობის მიერ გამოცემული ორივე რომანი თანამედროვე ცხოვრების მწვავე პრობლემებს ეხება.
ლიტერატურულ საღამოს „გალერეა არტ კაფე რუსუდან ფეტვიაშვილი“ უმასპინძლებს. დასწრება თავისუფალია.
„Aსინქრონი“ ეკატერინე ტოგონიძის პირველი რომანია. ავტორმა წიგნი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს მიუძღვნა. რომანი განსაკუთრებულ შემთხვევაზე მოგვითხრობს - ეხება თემას, რომელზეც ნაკლებად საუბრობენ. მთავარი გმირების პროტოტიპები ამერიკელი დები არიან, თუმცა მოვლენები აქ ქართულ გარემოში ვითარდება, შეუწყნარებელ საზოგადოებაში, სადაც უჭირთ განსხვავებულის მიღება, სადაც პირადი ტრაგედია შესაძლოა საცირკო სანახაობად იქცეს.