სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ დანელია ტაჯიკეთის რესპუბლიკის სამთავრობო დელეგაციას შეხვდა. დელეგაციას, რომლის შემადგენლობაში ტაჯიკეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის აპარატის, პარლამენტის, სოფლის მეურნეობისა და იუსტიციის სამინისტროს წარმომადგენლები შედიოდნენ, პრეზიდენტის მრჩეველი სამართლებრივ საკითხებში ხურსანდმუროდ მირზაევი ხელმძღვანელობდა. დელეგაციის ვიზიტი USAID-ის პროგრამის ,,მიწის რეფორმა და ფერმერული მეურნეობების რესტრუქტურიზაცია“ ხელშეწყობით განხორციელდა. აღნიშნული ვიზიტის მიზანს წარმოადგენს საქართველოს გამოცდილების გაზიარება მიწის ბაზრის, მიწათსარგებლობისა და ფერმერული მეურნეობების განვითარების მიმართულებით.
შეხვედრაზე ოთარ დანელიამ აღნიშნა, რომ მოხარულია ტაჯიკეთის რესპუბლიკის წარმომადგენლობითი დელეგაციის საქართველოში სტუმრობით. მინისტრმა მზადყოფნა გამოთქვა სოფლის მეურნეობის განვითარების მიმართულებით გატარებული რეფორმებისა და განხორციელებული პროექტების შესახებ ნებისმიერ დაინტერესებულ მხარეს დეტალური ინფორმაცია მიაწოდოს.
საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს თანამშრომლებმა სტუმრებისთვის საქართველოში 1990 წლიდან დღემდე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების მფლობელობის, განკარგვის, იჯარისა და პრივატიზების მიმართულებით გატარებული რეფორმებისა და სახელმწიფო პოლიტიკის შესახებ პრეზენტაცია გამართეს.
ტაჯიკეთის რესპუბლიკის დელეგაციასთან შეხვედრას სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილეები გოჩა ცოფურიშვილი და ნოდარ კერესელიძე ესწრებოდნენ.