სურსათის ეროვნული სააგენტოს სპეციალისტებმა დაავადებთა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის მიერ მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზე ყირიმ-კონგოს ცხელების ეპიდემიოლოგიურ კერებში - ხაშურისა და ბორჯომის მუნიციპალიტეტში მსხვილფეხა პირუტყვის სისხლის ნიმუშები აიღო. ლაბორატორიული კვლევის შედეგი უახლოეს დღეებში გახდება ცნობილი. პარალელურად, სააგენტოს სპეციალისტები ბორჯომის, ადიგენის, ხაშურის და გორის მუნიციპალიტეტების იმ სოფლებში, სადაც ადგილი ჰქონდა ადამიანებში ყირიმ-კონგოს დაავადების გამოვლინებას, მსხვილფეხა პირუტყვს ექტოპარაზიტებზე ამუშავებენ. შესხურების ღონისძიება ინსექტოაკარიციდი ,,ექტოსულე O-თი" მიმდინარეობს და იგი მოსახლეობისთვის უფასოა.
ყირიმ-კონგოს ჰემორაგიული ცხელება მიეკუთვნება მწვავე ვირუსულ-ზოონოზურ დაავადებათა რიცხვს. ახასიათებს ცხელება, ზოგადი ინტოქსიკაცია და თრომბოჰემორაგიული სინდრომი. წარმოადგენს ბუნებრივ კეროვან ინფექციას. პირველად დაავადება ადამიანში 1944 წელს ყირიმში დაფიქსირდა. ბუნებაში დაავადების რეზერვუარები არიან თაგვები, ფრინველები, გარეული ძუძუმწოვარი ცხოველები, ტკიპები და მსხვილფეხა და წვრილფეხა პირუტყვი.
დაავადების წყარო დაავადებული ადამიანი ან ინფიცირებული ცხოველია. ვირუსი უმეტესად გადადის ტკიპების კბენით, მაგრამ შესაძლებელია მისი გადაცემა მოხდეს ინფიცირებული ცხოველის დაკვლით ან ინფიცირებულ სისხლთან და სეკრეტთან შეხებით, ასევე სამედიცინო პროცედურებით (ინექციები). დაავადების ყველაზე მაღალი რისკის ქვეშ მწყემსები და ცხოველების მოვლით დაკავებული ადამიანები არიან.
ყირიმ-კონგოთი დაავადებული ცხოველი აუცილებლად უნდა განადგურდეს უსისხლო მეთოდით. სიკვდილის შემდგომ გვამი უნდა დაიწვას და დაიმარხოს, რადგან ცხოველის სისხლი დიდი რაოდენობით ვირუსს შეიცავს.