ყოველწლიური დოღი და მწნილისა და მურაბის ფესტივალი ბახმაროში

ყოველწლიური დოღი და მწნილისა და მურაბის ფესტივალი ბახმაროში

ტურიზმის ადმინისტრაცია და მარგებელი ჰოლდინგი ბახმაროში სპეციალურ მედიატურს მოაწყობენ

19 აგვისტოს, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ბახმაროში ტრადიციულ დოღთან და სპორტულ შეჯიბრებებთან ერტად „მარნეულის სასურსათო ქარხნის“ „მწნილისა და მურაბის ფესტივალებიც“ აიღებენ სტარტს. ღონისძიებაზე, რომელსაც ადგილობრივ მცხოვრებთან ერთად, ცხენოსნობის მოყვარულები, ბახმაროს სტუმრები, ადგილობრივი ხელისუფლებისა და სპორტული საზოგადოების წარმომადგენლები მიიღებენ მონაწილეობას, „მარგებელი ჰოლდინგი“ და „ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია“ ჟურნალისტების დასწრებას უზრუნველყოფენ სპეციალური მედიატურის ფარგლებში.

„მწნილისა და მურაბის ფესტივალის“ ფარგლებში მოეწყობა მწნილისა და მურაბის კუთხეები, სადაც სტუმრებს „მარნეულის სასურსათო ქარხნის“ უგემრიელესი და ქართულ ნედლეულზე დამზადებული მწნილისა და მურაბის დაგემოვნების საშუალება ექნებათ. ფესტივალზე „მარნეულის სასურსათო ქარხნის“ და „მარნეული აგროს“ პროდუქცია  სპეციალურ ფასადაც გაიყიდება.

ფესტივალს გახსნის და მუსიკალურ პროგრამას წაიყვანს ფოლკლორული ანსამბლი „მოძახილი“. ბავშვები კი ტკბილ და ამავე დროს ზღაპრულ სამყაროში გადაინაცვლებენ, სადაც მათ ტკბილეული და საყვარელი ზღაპრის გმირები ელოდებათ. ფესტივალზე მოსულ სტუმრებს ოჩოფეხებიანი ანიმატორები და ქუჩის თეატრის მსახიობებიც გაართობენ.

ბახმაროს დოღი წელს 4 ეტაპად, სხვადასხვა დისტანციაზე გაიმართება, რომლის დროსაც თითო ეტაპზე 3, საერთო ჯამში კი 12 გამარჯვებული გამოვლინდება. სხვადასხვა წონით კატეგორიასა და აბსოლუტურ წონაში გაიმართება შეჯიბრი ქართულ ჭიდაობაშიც. „მარგებელი ჰოლდინგი“ წელს სამ გამარჯვებულს „ნაბეღლავისა“ და „ბახმაროს“ თასებითა და ფასიანი საჩუქრებით დააჯილდოვებს.