ოთარ დანელია ბათუმის საერთაშორისო ფორუმში მონაწილეობს

ოთარ დანელია ბათუმის საერთაშორისო ფორუმში მონაწილეობს

სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ დანელია ბათუმში მიმდინარე საერთაშორისო ფორუმში - „ევროპის ეკონომიკური სენატის კონგრესი" იღებს მონაწილეობას.

ფორუმზე განიხილება ქართულ-ევროპული სავაჭრო ურთიერთობების გაღრმავებისა და გამარტივების, ევროპული ინვესტიციების მოზიდვის, საქართველოში ევროპული ბიზნესსტანდარტების დანერგვის, ევროპაში ქართული ბიზნესინტერესების ხელშეწყობის გზები.

მინისტრის განცხადებით, დღეს საქართველოში ნამდვილად არსებობს ხელსაყრელი ბიზნესგარემო მნიშვნელოვანი ინვესტიციების განსახორციელებლად.

„ჩვენი ქვეყანა  ევროპასთან ინტეგრაციის გზაზე დგას. ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ, უმნიშვნელოვანესია აქტიური საკომუნიკაციო კამპანიები, მათ შორის ისეთი ტიპის ფორუმები, სადაც საქართველოში არსებულ ბიზნესგარემოს შესახებ ვისაუბრებთ. დღეს ხელისუფლებისთვის ქვეყნის ეკონომიკის და, მათ შორის, სოფლის მეურნეობის განვითარება პრიორიტეტულია. საქართველო მიმზიდველი უნდა გახდეს უცხოელი ინვესტორებისთვის. მოგეხსენებათ, სოფლის მეურნეობის მიმართულებით ქვეყანას უდიდესი პოტენციალი გააჩნია, რაც მაქსიმალურად უნდა გამოვიყენოთ“, - განაცხადა ოთარ დანელიამ.

ფორუმში - „ევროპის ეკონომიკური სენატის კონგრესი" -  მონაწილეობაა იღებენ საქართველოს მთავრობის წარმომადგენლები, „ევროპის ეკონომიკური სენატის" აღმასრულებელი დირექტორი და სენატორები, ასევე, ევროპის მსხვილ გადამხდელთა კავშირის თავმჯდომარე, ევროპარლამენტის წევრები, ევროპელი ინვესტორები, ქართველი ბიზნესმენები.

„ევროპის ეკონომიკური სენატი“ წარმოადგენს ევროპული ბიზნესის  საკოორდინაციო ცენტრ ორგანიზაციას,  რომელშიც გაწევრიანებული არიან მსხვილი კომპანიების ხელმძღვანელები და პოლიტიკოსები ევროკავშირის ქვეყნებიდან.