სურსათის ეროვნული სააგენტოს ინსპექტირების დეპარტამენტმა კრიტიკული შეუსაბამობების გამო თბილისში, ქუთაისში, ბათუმში, წყალტუბოში, წალკასა და დაბა აგარაში რამდენიმე საწარმოსა და რესტორანს საწარმოო პროცესი შეუჩერა.
თბილისის სამმართველოს წარმომადგენლებმა შეამოწმეს წინამძღვრიშვილის ქუჩაზე მდებარე ი/მ "ლევან ზირაქიშვილის" ხორცის სარეალიზაციო ობიექტი, ჩუბინაშვილის ქუჩაზე ი/მ "გიორგი სიფრაშვილის" ფქვილოვანი პროდუქციისა და ბურღულეულის საწარმო და კაიროს ქუჩაზე - ი/მ "ბესიკი მიქაუტაძის" ხორცის გაყინული ნახევარფაბრიკატების წარმოება. საწარმოებში აღმოჩნდა ანტისანიტარია (ზოგიერთ მათგანში - კატა, ტარაკნები); დარღვეული ტემპერატურული რეჟიმი და ხორცის დამუშავებისა და შენახვის პირობები.
იმერეთის რეგიონული სამმართველოს წარმომადგენლებმა საწარმოო პროცესი შეუჩერეს ქუთაისში, ახალგაზრდობის ქუჩაზე - შპს "განახლებული მუხრანისა" და წყალტუბოში, რუსთაველის ქუჩაზე - ი/მ "თეიმურაზ ჯიაძის" მზა კერძების საწარმოებს, სადაც გამოვლინდა სხვადასხვა დარღვევა.
აჭარის რეგიონული სამმართველოს ინსპექტორებმა არაგეგმური ინსპექტირებისას დახურეს ბათუმში, ლერმონტოვის ქუჩაზე მდებარე ი/მ "თურან მერჯანის" საშაურმე.
შიდა ქართლის რეგიონული სამმართველოს წარმომადგენლებმა დაბა აგარაში, შპს "გვანცა @ შიდა ქართლის" კუთვნილ რესტორანში აღმოაჩინეს კრიტიკული შეუსაბამობები - კონდენსატით დაფარული კამერა-მაცივრის ჭერი, ხორცის საკიდი კოროზირებული კაუჭები, რის გამოც ბიზნესოპერატორს აღნიშნული კამერა მაცივრიდან აეკრძალა ხორცის შენახვა-რეალიზაცია.
ქვემო ქართლის რეგიონული სამმართველოს წარმომადგენლებმა წალკის რაიონის სოფელ საყდრიონში დახურეს ი/მ "გურამ ჯაყელის"რძის შემკრები პუნქტი, სადაც დარღვეული იყო ტექნოლოგიური პროცესი.
აღნიშნულ ბიზნესოპერატორებს კრიტიკული შეუსაბამობების აღმოფხვრამდე საწარმოო პროცესი შეუჩერდათ და სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსის 68-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ისინი 1000-1000 ლარით დაჯარიმდნენ.