2014 წლის 14 აგვისტოს, პრობაციის ეროვნული სააგენტოს უფროსს, გიორგი არსოშვილსა და ფსიქო-სოციალური კონსულტაციის ცენტრ „ახალი გზის“ გამგეობის თავმჯდომარის, დალი უშარიძეს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმების შემდეგ, წარსულში ნარკომომხმარებელი, ორი პირობით მსჯავრდებული, ცენტრის ანტინარკოტიკულ პროგრამაში ჩაერთვება და ნარკოდამოკიდებულების მქონე პირებს ანალოგიური პრობლემის დაძლევაში დაეხმარება.
მემორანდუმის მიზანია, ნარკოდამოკიდებულებების მქონე პირობით მსჯავრდებულთა, პირობით ვადამდე გათავისუფლებულ მსჯავრდებულთა და თავისუფლებაშეზღუდულ მსჯავრდებულთა სოციალური აქტივობისა და დასაქმების ხელშეწყობა, აგრეთვე შესაძლებლობის ფარგლებში, მსჯავრდებულთა ჩართვა „ახალი გზის“ მიერ განხორციელებულ სხვადასხვა პროექტებში.
აღნიშნული პრობაციონერები, პროგრამაში ჩართვამდე პრობაციის ეროვნული სააგენტოს სარეაბილიტაციო პროგრამების სამმართველოს სოციალური მუშაკების მიერ შემოწმდნენ: საფუძვლიანად იქნა შესწავლილი თითეულის ფსიქოემოციური მდგომარეობა და მომავალი სამუშაოსადმი მათი მოტივაციის ხარისხი.
სამუშაოში ჩართვამდე, პრობაციონერები, მომავალ საქმიანობასთან დაკავშირებით, სპეციალურ ტრენინგს გაივლიან. მათი ანაზღაურება 400 ლარი იქნება.
პრობაციის ეროვნული სააგენტოს რეკომენდაციით, ანალოგიურ პროექტში უკვე დასაქმდა ერთი პირობით მსჯავრდებული, რომელიც დღემდე წარმატებულ საქმიანობას განაგრძობს.
პრობაციის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელის, გიორგი არსოშვილის თქმით, ანტინარკოტიკულ პროგრამაში მსგავსი ხასიათის ჩართულობა ურთიერთსარგებლიანია.
„ერთის მხრივ, ყოფილი ნარკომომხმარებელი იხსნის იმ სტიგმას, რაც მას მთელი ცხოვრება მოჰყვებოდა. ის რეალიზებულია და გრძნობს საკუთარ საჭიროებას, რაც რეაბილიტაციაში ეხმარება, ამას ემატება ანაზღაურებაც, რაც კიდევ უფრო ზრდის მის მოტივაციას. პროგრამის ბენეფიციარებისთვის კი გაცილებით ეფექტური და შედეგიანია იმ ადამიანის რჩევები და დახმარება, რომელმაც წარსულში ანალოგიური პრობლემა წარმატებით დასძლია“ - განაცხადა გიორგი არსოშვილმა.