საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი დღეს საველე სწავლებას „სამედიცინო მხარდაჭერა" დაესწრო. ქვეყნის უმაღლესმა მთავარსარდალმა სამხედრო ექიმებს პროფესიული დღე მიულოცა და საპასუხისმგებლო სამსახურისთვის მადლობა გადაუხადა:
„ყველა სამხედრო ექიმს ვულოცავ დღევანდელ დღეს. ჩვენ დავესწარით საველე სწავლებას და ვნახეთ, როგორ ეფექტიანად და ორგანიზებულად მუშაობენ ჩვენი ექიმები საველე პირობებში. ზოგადად ექიმობა ერთ-ერთი ყველაზე ჰუმანური და პატივსაცემი პროფესიაა, ექიმობა ბრძოლის ველზე კი, როცა შენს თანამებრძოლებთან ერთად გაქვს გადაწყვეტილება მისაღები, შენი მეგობრები გყავს გადასარჩენი, კიდევ უფრო საპატივცემულოა. კიდევ ერთხელ ვულოცავ სამხედრო ექიმებს დღევანდელ დღეს და მადლობას ვუხდი მათ ამ სამსახურისათვის", - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.
საქართველოში სამხედრო მედიცინის დღე 1992 წლიდან აღინიშნება. საველე სწავლების მთავარი მიზანია, საგანგებო სიტუაციებში სამედიცინო პერსონალის უნარ-ჩვევების გაუმჯობესება და კოორდინაცია. სწავლების სცენარი სამედიცინო უზრუნველყოფის ოპერაციების გამოცდილებას ემყარება.
სწავლებას ქვეყნის პირველ პირთან ერთად ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო, შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე და თავდაცვის მინისტრის მოადგილე ვარლამ ავალიანი ესწრებოდნენ.
„სამედიცინო მხარდაჭერა" კრწანისის ტერიტორიაზე საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის სამედიცინო დეპარტამენტის ორგანიზებით ჩატარდა.