გიორგი მღებრიშვილმა N16 დაბალი რისკის დაწესებულება დაათვალიერა

გიორგი მღებრიშვილმა N16 დაბალი რისკის დაწესებულება დაათვალიერა

2014 წლის 11 აგვისტოს, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრმა, გიორგი მღებრიშვილმა N16 დაბალი რისკის დაწესებულება დაათვალიერა. დაწესებულებაში სარემონტო-სარეკონსტრუქციო სამუშაოები დასასრულს უახლოვდება. რეკონსტრუქციის შემდეგ გარემონტდა საცხოვრებელი კორპუსები, რომლებშიც მოეწყო დასასვენებელი ჰოლები, დაწესებულების პოპულაციის რაოდენობაზე გათვლილი საშხაპეები, რომელთა გვერდით მოეწყო სამრეცხაო-საშრობები, საკანონმდებლო ცვლილებების შესაბამისად, სტანდარტის დაცვით, თითეულ მსჯავრდებულზე გამოიყო 4 კვ.მ. საცხოვრებელი ფართი, უნარშეზღუდული მსჯავრდებულებისათვის მოეწყო მათი საჭიროებების შესაბამისისაკნები, ყველა სართულის ფლიგელში განთავსებულია სოციალური სამსახურის სამუშაო ოთახები. იატაკი მოპირკეთდა სპეციალური საფარით, რომელიც ზამთარში სითბოს და სიმშრალეს ინარჩუნებს. დაგანახლდა სავენტილაციო სისტემა, განათება, წყალ-კანალიზაცია.

საცხოვრებელი ინფრასტრუქტურის პარალელურად, აშენდა მულტიფუნქციური შენობა, რომლის პირველ სართულზეც განთავსდება 300 მსჯავრდებულზე გათვლილი საერთო სასადილო, ხოლო მეორე და მესამე სართულზე, ბიბლიოთეკა, საკლასო და კომპიუტერული კაბინეტები, აუდიტორიები, სოციალური პროგრამებისთვის საჭირო სივრცეები და ა.შ.

ინფრასტრუქტურა მოეწყო მსჯავრდებულთა პროფესიული გადამზადებისთვის, სადაც მათ შეეძლებათ დაეუფლონ სხვადასხვა პროფესიებს, მათ შორის: ელექტრიკოსობას, სამშენებლო-სარემონტო სამუშაოების სპეციალისტობას, სამაცივრე და სხვა ტიპის ტექნიკისა და დანადგარების შეკეთებას, კულინარიას, სიმულატორების საშუალებით სასოფლო-სამეურნეო და მძიმე ტექნიკის მართვას და ა.შ.

ხანგრძლივი პაემნებისთვის მოეწყო 20 ოროთახიანი სივრცე შესაბამისი ავეჯითა და სველი წერტილებით, ასევე გამწვანებული ეზოთი, სადაც მსჯავრდებულები და მათ ოჯახის წევრები გასეირნებას და დასვენებას შეძლებენ, აქვეა საბავშვო ატრაქციონებიც.

სრულად განახლდა სამედიცინო ნაწილისთვის განკუთვნილი ორსართულიანი შენობა, მოპირკეთდა იატაკი და დამონტაჟდა ახალი საწოლები.

გარემონტდა სამზარეულოს შენობა და განახლდა შესაბამისი ინვენტარი, ასევე მოეწყო სამრეცხაო-საცხობი, სადაც დამონტაჟდება სარეცხი მანქანები და გაირეცხება მსჯავრდებულთა სამოსი.

დაწესებულების ინფრასტრუქტურაში გათვალისწინებულია ჯანსაღი ცხოვრების წესი: დაწესებულების ეზოს ტერიტორიაზე მოეწყო  ფეხბურთის, ფრენბურთისა და კალათბურთის ხელოვნურსაფარიანი ღია მოედნები, ხოლო დასრულების სტადიაზეა მსჯავრდებულთა სპორტული აქტივობებისთვის განკუთვნილი სპორტდარბაზის სამშენებლო სამუშაოები.

როგორც წესი, მსჯავრდებულთა სულიერ ცხოვრებაში აქტიურად არიან ჩართულნი სასულიერო პირები. აღნიშნული გარემოების გათვალისწინებით, დაწესებულების ეზოში განთავსებული ტაძრის მახლობლად კელია აშენდა.

მნიშვნელოვანია, რომ ინფრასტრუქტურის დაგეგმვის პროცესში გათვალისწინებულ იქნა დაწესებულების თანამშრომელთა მძიმე რეჟიმი და მათთვის სასადილო და სპორტული დარბაზი მოეწყო.

უახლოეს მომავალში დასრულდება დაწესებულების შიდა ეზოების კეთილმოწყობა, შეიქმნება რეკრეაციული ზონები და მოეწყობა საჩრდილობლები.

დაწესებულების მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარეობს საწარმოო ზონის სამშენებლო სამუშაოები, რომლის დასრულების შემდეგ, ყველა საჭირო პირობა იქნება შექმნილი მსჯავრდებულთა დასაქმებისათვის. პირველ ეტაპზე დასაქმდება 40 მსჯავრდებული. მათი ძირითადი საქმიანობა იქნება ფეხსაცმელების შეკერვა, რაშიც შესაბამის ანაზღაურებას მიიღებენ.

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის, გიორგი მღებრიშვილის განცხადებით, ეს იქნება დაწესებულება, სადაც ყველა პირობა იქნება შექმნილი სასჯელის ღირსეულად მოხდისთვის, სწავლისა და შრომისთვის, რათა დაწესებულების დატოვების შემდეგ, მსჯავრდებულს არ გაუჭირდეს საზოგადოებაში რეინტეგრაცია. მისივე თქმით, დაწესებულებაში მსჯავრდებულები მათივე რისკის მიხედვით განთავსდებიან.

„მოგეხსენებათ, აღნიშნული დაწესებულება გათვლილია დაბალი რისკის მსჯავრდებულებზე. მათი აქ გადმოყვანა რისკის შეფასების შემდეგ მოხდება. ამ შემთხვევაში გადამწყვეტია არა მხოლოდ ჩადენილი დანაშაულის ხასიათი, არამედ სასჯელის მოხდის პერიოდში მისი ქცევა და დამოკიდებულება დაწესებულების თანამშრომლებისა თუ სხვა მსჯავრდებულების მიმართ. ყველა პატიმარს, ვინც ემორჩილება დადგენილ წესებს, პატივს სცემს და არ ლახავს გარშემომყოფების უფლებებს, გაცნობიერებული აქვს საკუთარი შეცდომა, აქვს შანსი, განთავსდეს ამ დაწესებულებაში“ - აღნიშნა მინისტრმა.