თემურ ხომერიკი თბილისის განვითარების ფონდის თავმჯდომარის პოსტზე მუშაობას 11 აგვისტოდან შეუდგება

თემურ ხომერიკი თბილისის განვითარების ფონდის თავმჯდომარის პოსტზე მუშაობას 11 აგვისტოდან შეუდგება

ფონდის ახალი თავმჯდომარის თქმით, ფონდში ყოფილი გუბერნატორები და გამგებლები იყვნენ დასაქმებულები, რომლებიც სოლიდურ თანხებს იღებდნენ. იმ პირების ადგილს კი, რომლებიც დასაქმებული მხოლოდ დიდი თანხების ასაღებად იყვნენ, კვალიფიციური კადრები დაიკავებენ.

“თბილისის განვითარების ფონდს საკმაოდ სკანდალური წარსული აქვს. ბოლო ორი წლის განმავლობაში არაერთხელ იქნა გადაყენებული და დაპატიმრებული ხელმძღვანელობა, თავის გამგეობიანად. რა თქმა უნდა ეს, ასეთი მაღალი მისიით შექმნილ ორგანიზაციას გარკვეულ ჩრდილს აყენებს, მაგრამ აუცილებელია ჩვენ ორიენტირებული ვიყოთ არა წარსულზე, არამედ მომავალზე, ამიტომ აუცილებელია პირველ რიგში, ფონდში სამუშაოდ ისეთი ადამიანები მოვიზიდოთ, რომელთაც მოსახლეობის ნდობის დამსახურების უნარი შესწევთ. ფონდის სახსრების ხარჯვაში მოსახლეობის ჩართულობა და გამჭვირვალობა, იმ მექანიზმს შექმნის, რომლის საშუალებითაც კორუფციული შეთანხმებები შეუძლებელი გახდება”, – განაცხადა თემურ ხომერიკმა.

ამასთან, თბილისის განვითარების ფონდის ახალი თავმჯდომარის თქმით, კორუფციული გარიგების ეჭვს ბადებს ის ფაქტი, რომ 10 წლის განმავლობაში არცერთი ტენდერი არ ჩაუტარებია და ყველა შესყიდვა ერთ პირთან მოლაპარაკების გზით განახორციელა.

“ფონდი შექმნილია თბილისის მოსახლეობის კეთილდღეობისთვის. მისი მიზანი მოსახლეობის საკეთილდღეოდ ქალაქის განვითარებაა, ამავე დროს იმ ტრადიციების და ისტორიული მემკვიდრეობის შემონახვა, რაც მოცემულ ურბანულ განვითარებაში შესაძლებელი იქნება. უნდა შენარჩუნდეს არქიტექტურული ძეგლები, უნდა მოხდეს ქალაქის მდგრადი განვითარება, ასევე უნდა იყოს ტურისტებისთვის მიმზიდველი. ამავე ფონდს ავალია სტრატეგიების შემუშავება და ქალაქის მერიისთვის მიწოდება იმისთვის, რომ ქალაქის ისტორიულ ნაწილში ინფრასტრუქტურის მოწესრიგება განხორციელდეს. ფონდს საკმაოდ სოლიდური რესურსები აქვს, მიმდინარე პროგრამების ღირებულება დაახლოებით 104 მილიონ ლარს შეადგენს. თუმცა ზოგიერთი პროგრამა დაწყებულია 5 წლის წინ, ზოგიერთი 3, ზოგიერთი კი მიმდინარე წელს. მათი ძირითადი ნაწილი კი 2015 წლამდე სრულდება. წელს პროგრამებზე ფაქტობრივად 35 მილიონი იყო გათვალისწინებული და ნახევარი უკვე ათვისებულია. მინდა, ვთქვა, რომ ძალიან არარაციონალურადაა გაფორმებული ხელშეკრულებები და თან ამ ფირმების სათაურები, სამწუხაროდ, კონკრეტულ პიროვნებებთან ასოცირდება, რომლებიც ზოგი პოლიტიკაშია და ზოგი პოლიტიკურ წრეებთან, განსაკუთრებით ყოფილ ხელისუფლებასთანაა დაახლოებული”, - განაცხადა ხომერიკმა.

თემურ ხომერიკი თბილისის განვითარების ფონდამდე, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში, მინისტრის მრჩევლად მუშაობდა. ასევე მუშაობდა სხვადასხვა უნივერსიტეტებში ლექტორად და იკავებდა დეკანის თანამდებობას. 2000-2005 წლებში სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარედ მუშაობდა და თანამდებობა, წინა ხელისუფლების კრიტიკის და  ვანო მერაბიშვილთან ღია დაპირისპირების შემდეგ დატოვა. ხომერიკი ერთ-ერთი პირველი იყო, ვინც ღიად დაუპირისპირდა თსუ-ის ყოფილ რექტორს გია ხუბუას და პირველმა მოუგო სასამართლო პროცესი.