მეწარმეთა საყურადღებოდ!
გთხოვთ, ყურადღებით გაეცნოთ სურსათის ეროვნული სააგენტოს ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებულ საკანონმდებლო დოკუმენტებს და იმ ცვლილებებს, რომლებიც შესულია საქართველოს მთავრობის 2010 წლის 31 დეკემბრის N429 და 2010 წლის 13 დეკემბრის N427 დადგენილებებში.
საქართველოს მთავრობის 2014 წლის 14 ივლისის N446 დადგენილებით, ცვლილება შევიდა „ფიტოსანიტარიულ სასაზღვრო–საკარანტინო და ვეტერინარულ სასაზღვრო–საკარანტინო კონტროლის განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ ' საქართველოს მთავრობის 2010 წლის 31 დეკემბრის N429 დადგენილებაში.
ცვლილებები შეეხო მრავალ პუნქტს, მაგალითად: ტვირთზე ფიტოსანიტარიული პროცედურების განხორციელება იწყება სასაზღვრო ინსპექციის პუნქტში წინასწარი შეტყობინების მიღების შემდეგ; ტვირთს იმპორტის, ექსპორტის, რეექსპორტის ან ტრანზიტის (საჭიროების შემთხვევაში) დროს თან უნდა ახლდეს ფიტოსანიტარიული სერტიფიკატი ან რეექსპორტის ფიტოსანიტარიული სერტიფიკატი, რეექსპორტის შემთხვევაში, შესაძლებელია ფიტოსანიტარიული სერტიფიკატის დამოწმებული ასლის წარდგენა; ერთი იმპორტის ნებართვის საფუძველზე შესაძლებელია ტვირთის საქართველოში შემოტანა განხორციელდეს ეტაპობრივად, რამდენიმე სატრანსპორტო საშუალებით, თუ საქონლის თანმხლები დოკუმენტებით დასტურდება, რომ თითოეული სასაქონლო პარტია არის იმ ტვირთის ნაწილი, რომელზეც გაიცა იმპორტის ნებართვა. თუ რეგულირებად ობიექტზე პასუხისმგებელი პირი საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის შემოტანის დროს საბაჟო გამშვებ პუნქტშივე აცხადებს საქონლის მიმართ რეექსპორტის სასაქონლო ოპერაციის გამოყენების განზრახვას და ამ ოპერაციის განხორციელებისა და დასრულების მიზნით საქონელს ათავსებს დროებითი შენახვის ადგილზე, ამ შემთხვევაში, საქონლის მიმართ ხორციელდება ამ ფიტოსანიტარიული წესის მე-11 მუხლით განსაზღვრული ფიტოსანიტარიული სასაზღვრო-საკარანტინო კონტროლის პროცედურები.
საქართველოს მთავრობის 2014 წლის 8 ივლისის N440 დადგენილებით, ცვლილება შევიდა „ფიტოსანიტარიული სერტიფიკატებისა და რეექსპორტის ფიტოსანიტარიული სერტიფიკატების ფორმებისა და გაცემის წესის დამტკიცების შესახებ ' მთავრობის 2010 წლის 13 დეკემბრის N427 დადგენილებაში, რომელის ძალაში შედის ა. წ. 7 სექტემბრიდან. აღნიშნული ცვლილებების შესაბამისად, ფიტოსანიტარიული სერტიფიკატი /რეექსპორტის ფიტოსანიტარიული სერტიფიკატი გაიცემა ფიტოსანიტარიული პროცედურების განხორციელების საფუძველზე, იმპორტიორი ქვეყნის ფიტოსანიტარიული მოთხოვნების გათვალისწინებით, 5 სამუშაო დღის განმავლობაში; ერთ სატრანსპორტო ერთეულზე გაიცემა მინიმუმ ერთი ფიტოსანიტარიული სერტიფიკატი. ტრანზიტის დროს, ტრანსპორტის, სატრანსპორტო საშუალების შეცვლის ან ორი ან მეტი სასაქონლო პარტიის ერთი სატრანსპორტო საშუალებით ტრანსპორტირებისას, არ არის აუცილებელი ფიტოსანიტარიული სერტიფიკატის გაცემა, გარდა ტვირთების ფიტოსანიტარიული უსაფრთხოების დარღვევის შემთხვევებისა; რეექსპორტის შემთხვევაში, თუ ტვირთი შემოსულია ფიტოსანიტარიული სერტიფიკატის გარეშე და დანიშნულების ქვეყანა ითხოვს აღნიშნულ პროდუქციაზე ფიტოსანიტარიულ სერტიფიკატს, გაიცემა ექსპორტისას გასაცემი ფიტოსანიტარიული სერტიფიკატი, შესაბამისი პროცედურების დაცვით. მნიშვნელოვანი ცვლილებაა ასევე ის, რომ ტვირთის სერტიფიცირების შემდეგ ექსპორტის განხორციელებამდე, ფიტოსანიტარიული უსაფრთხოების შენარჩუნების მიზნით, სატრანსპორტო საშუალება ილუქება, ლუქის მთლიანობა მოწმდება შემოსავლების სამსახურის უფლებამოსილი მოხელის მიერ საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე.