მიმდინარე წელს, იანვრიდან ივლისის ჩათვლით, საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან (გურია, იმერეთი, ქვემო ქართლი, შიდა ქართლი, კახეთი, მცხეთა-მთიანეთი, სამეგრელო-ზემო სვანეთი, აჭარა, თბილისი) რუსეთის ფედერაციაში ექსპორტირებულია 2258 ტონა ხილი, 80 ტონამდე ბოსტნეული, 2567 ტონა ციტრუსი, 188 ტონა ჩაი, 1062 ტონა დაფნის ფოთოლი, 1 ტონა ხმელი სუნელი. რუსეთის ბაზარზე გავიდა მოცვი, ჩაი, თხილი, მანდარინი, ლიმონი, ხილის ჩაი, მანდარინის კონცენტრირებული წვენი, ხილის ნატურალური წვენი, პომიდორი, დაფნის ფოთოლი, უცხო სუნელი, საადრეო კარტოფილი, ვაშლი, ბალი, ვაშლატამა და ატამი.
რუსეთის ფედერაციაში კვლავ მიმდინარეობს ქართული ატმისა და ვაშლატამას ექსპორტი.
ექსპორტიორებს საშუალება აქვთ, გამარტივებული პირობებით აიღონ ექსპორტის განსახორციელებლად საჭირო ყველა დოკუმენტაცია, მათ შორის, ფიტოსანიტარიული სერტიფიკატი, რომელიც დაადასტურებს, რომ პროდუქცია არ შეიცავს საკარანტინო მავნებლებსა და დაავადებებს.
სურსათის ეროვნული სააგენტოს სპეციალისტები რჩებიან რეგიონებში და აგრძელებენ საექსპორტო ტვირთების ფიტოსანიტარიულ კონტროლს, რის შემდეგაც გასცემენ შესაბამის სერტიფიკატს.