„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი" ნასაგურის კლინიკას 24-საათიანი წყალმომარაგებით უზრუნველყოფს

კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი", თბილისის ახალი ადმინისტრაციული საზღვრების 24-საათიანი წყალმომარაგების პროგრამის ფარგლებში, ნასაგურის დასახლებაში მდებარე სამედიცინო დაწესებულებას, უახლოეს მომავალში, სასმელი წყლის შეუფერხებლად მიწოდების პრობლემას გადაუჭრის.

ნასაგურში ეს ერთადერთი კლინიკაა, რომელიც დასახლების მაცხოვრებლებს სამედიცინო მომსახურებას უწევს. ისევე როგორც ნასაგურის მოსახლეობის დიდ უმრავლესობას და დასახლებაში მდებარე სხვა ობიექტებს, აღნიშნულ სამედიცინო დაწესებულებასაც გააჩნია  ტექნიკურად გაუმართავი წყალგაყვანილობის ქსელი, რომელიც არ არის მაგისტრალურ მილდენთან მიერთებული, შესაბამისად, მისი წყალმომარაგება შეფერხებებითა და გარკვეული შეზღუდვით ხდება. „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი", ნასაგურის კლინიკას, როგორც ერთადერთ სამედიცინო დაწესებულებას დასახლებაში, წყალგაყვანილობის ახალ ქსელს უსასყიდლოდ დაუმონტაჯებს, რისთვისაც კომპანიამ უკვე შეადგინა პროექტი და ტექნიკური პირობა. დახმარებისთვის კომპანიას კლინიკის ადმინისტრაციამ მიმართა.

თბილისის ახალი საზღვრების 24-საათიანი წყალმომარაგების პროგრამის ფარგლებში, „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი" ნასაგურისა და მასთან ახლომდებარე წინუბნისდასახლებისთვის წყალმომარაგების ერთიანი სისტემის მშენებლობას ახორციელებს. ამ დროისთვის გაყვანილია 2 000 მეტრი სიგრძის წნევიანი მაგისტრალური მილდენი და დასრულებულია წყალსადენის 9 000 მეტრიანი ახალი გამანაწილებელი ქსელის მშენებლობაც, დამონტაჟებულია ჩამკეტ-მარეგულირებელი 9 ურდული, განშტოებებზე კი მოწყობილია 250 მცირე ზომის ჭა. ობიექტების ექსპლუატაციაში გაშვების შემდეგ, წინუბნისა და ნასაგურის 3000 მოსახლეს უწყლობის პრობლემა გადაეჭრება და 24-საათის განმავლობაში მომარაგდება სასმელი წყლით.