სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ვადაგასული სურსათის რეალიზაციისა და საწარმოში კრიტიკული შეუსაბამობების გამო რამდენიმე მეწარმე დააჯარიმა.
ქვემო ქართლის რეგიონული სამმართველოს სპეციალისტებმა რუსთავში - შპს "გრანდ ვეჯინის" სუპერმარკეტიდან, გარდაბნის რაიონის სოფლებში - ქესალოსა და ვახტანგისში - ი/მ "როვშან ოსმანოვისა" და ი/მ "მალაქ ოსმანოვას" საცალო სავაჭრო ობიექტებიდან ამოიღეს და კანონმდებლობის შესაბამისად გაანადგურეს მყარი და თხევადი სურსათი - კარაქი, სპრედი, მარგარინი, ერბო, რულეტი, ყავა, კაკაო, კიტრის მწნილი, ჩაი, შვრიის ფანტელი, მცენარეული ზეთი, კეტჩუპი, ხილის წვენები, ლუდი. ვადაგასული სურსათის რეალიზაციისათვის ბიზნესოპერატორები 200-200 ლარით დაჯარიმდნენ.
სურსათის ეროვნული სააგენტოს ინსპექტირების დეპარტამენტმა კრიტიკული შეუსაბამობების გამო საწარმოო პროცესი შეუჩერა მცხეთის რაიონის სოფელ მისაქციელში, ი/მ "დავით კაიშაურის" ხორცის სარეალიზაციო ობიექტს, სადაც არ იყო წყალმომარაგება და ვერ წარმოადგინეს არატოქსიკურობის დამადასტურებელი სერტიფიკატი, რის გამოც მეწარმე 1000 ლარით დაჯარიმდა.