სურსათის ეროვნული სააგენტოს სპეციალისტებმა ვეტერინარული აფთიაქების, ვეტკლინიკების, ზოომაღაზიების, ვეტპრეპარატების დამამზადებელი საწარმოების, საბითუმო ვაჭრობის ობიექტებისა და ვეტკოსმეტიკური კაბინეტების კონტროლი დაიწყო. "საქართველოში წარმოებული და იმპორტირებული ვეტერინარული დანიშნულების პრეპარატების (საშუალებების) სახელმწიფო რეგისტრაციის, ხელახალი რეგისტრაციის, ან რეგისტრაციის გაუქმებისა და ხარისხის/უსაფრთხოების კონტროლის წესის დამტკიცების შესახებ" საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის 2010 წლის 25 იანვრის 2/8 ბრაძანებით განსაზღვრულია ვეტერინარული პრეპარატების ხარისხის, ასევე სარეალიზაციო ობიექტების კონტროლი.
საქართველოს კანონის - "სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის შესახებ კოდექსის" მიხედვით კი ვეტერინარული აფთიაქების, ვეტკლინიკების, ზოომაღაზიების, ვეტპრეპარატების დამამზადებელი საწარმოების, საბითუმო ვაჭრობის ობიექტებისა და ვეტკოსმეტიკური კაბინეტების რეგისტრაცია 2015 წლის 1 იანვრიდან ხდება სავალდებულო. ამავე კოდექსის მიხედვით, ასევე 2015 წლის 1 იანვრიდან ამოქმდდება საჯარიმო სანქცია ეტიკეტირების წესის დაღრვევაზე. ამ ეტაპისთვის კი ვეტერინარული პრეპარატების ეტიკეტირების წესი მუშავდება.
აღნიშნული საკანონმდებლო ცვლილების შესახებ სურსათის ეროვნულმა სააგენტომ მთელი ქვეყნის მასშტაბით წერილობით გააფრთხილა მეწარმეები მიმდინარე წლის თებერვალში. სახელმწიფო კონტროლის განხორციელება კი 1 აპრილიდან დაიწყო. ამ ეტეპისთვის შიდა ქართლის, სამეგრელოს, გურიის, რაჭა-ლეჩხუმის, აჭარისა და იმერეთის რეგიონებში, ასევე თბილისში აღებულია ვეტერინარული პრეპარატის 102 ნიმუში, ხოლო ვეტერინარული პრეპარატების უსაფრთხოების კონტროლის მიზნით განხორციელდა გეგმური კონტროლი 126 ობიექტში, საიდანაც 17 ამპულა ფალსიფიცირებული ვეტპრეპარატი ამოიღეს.
კანონმდებლობის შესაბამისად, ფალსიფიცირებული პრეპარატის მწარმოებელი დაჯარიმდა 1000 ლარით, ამავე ოდენობის თანხით დაჯარიმდა ფალსიფიცირებული პრეპარატის რეალიზატორი.