სასწავლო ცენტრმა უპრეცედენტო 6-თვიანი სასწავლო პროგრამა დაიწყო

სასწავლო ცენტრმა უპრეცედენტო 6-თვიანი სასწავლო პროგრამა დაიწყო

2014 წლის 4 აგვისტოს, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სასწავლო ცენტრმა უპრეცედენტო 6-თვიანი სასწავლო პროგრამა დაიწყო, რომლის მიზანი სასჯელაღსრულების დაწესებულებისთვის, კვალიფიციური რეჟიმის ოფიცრის მომზადებაა.

პროგრამა, რომელიც ევროკავშირისა და ევროსაბჭოს ერთობლივი პროექტის  „ადამიანის უფლებები და ჯანდაცვა ციხეებსა და სხვა დახურულ ინსტიტუციებში“, მხარდაჭერით განხორციელდება, ევროპული ციხის წესების ერთ-ერთი ავტორის, ჟერარ დე იონგის ჩართულობით შემუშავდა. 

აღნიშნული ფორმატის გრძელვადიანი სასწავლო პროგრამა, საქართველოს სასჯელაღსრულების სიტემის პრაქტიკაში, პირველად ხორციელდება.

სასწავლო კურსი, როგორც სწავლის ხანგრძლივობით, ისე სპეციფიკით, არსებითად განსხვავდება არსებული პრაქტიკისაგან: ხუთსაფეხურიანი კურსის მონაწილეები ეტაპობრივად გაივლიან თეორიულ მომზადებას სასწავლო ცენტრში, ხოლო სასწავლო პრაქტიკას სასჯელაღსრულების დაწესებულებებში. ყოველი შემდგომი თეორიული  ეტაპი დაიწყება განვლილი კურსისა და პრაქტიკული ეტაპის ანალიზით.

დასკვნითი ეტაპზე, სასწავლო ცენტრში, მონაწილეები  წინასაგამოცდო კონსულტაციას მიიღებენ, რის შემდეგაც, მათ, თეორიული ცოდნისა და პრაქტიკული უნარების შემოწმების მიზნით, დასკვნითი გამოცდა ჩაუტარდებათ.

აღსანიშნავია, რომ სასწავლო პროცესში ჩაერთვებიან სასჯელაღსრულების დაწესებულების ის თანამშრომლები, რომლებიც გადამზადებული იქნენ მენტორებად. მენტორები სასჯელაღსრულების დაწესებულებებში, სწავლების პრაქტიკულ ნაწილს წარუძღვებიან.

სასწავლო პროგრამის მიზანია, კურსდამთავრებულს მისცეს სათანადო თეორიული ცოდნა და გამოუმუშაოს შესაბამისი უნარ-ჩვევები, რომელიც მას ესაჭიროება  პრაქტიკული საქმიანობის სრულფასოვნად განხორციელებისათვის.

სასჯელაღსრულების სისტემის პრაქტიკაში პირველი გრძელვადიანი საპილოტე პროგრამის პრეზენტაციას სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის მოადგილე არჩილ თალაკვაძე, სასჯელაღსრულების სისტემის ხელმძღვანელი პირები და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები დაესწრნენ.

“მიუხედავად იმისა, რომ სასჯელაღსრულების სისტემა და მისი თანამშრომლები მუდმივი კრიტიკის საგანი იყო 2012 წლამდე, არავის უცდია  მოეგვარებინა ყველაზე მთავარი პრობლემა - კადრები და მათი კვალიფიკაცია. დღემდე, არცერთმა მოქალაქემ საქართველოში არ იცოდა, ვის ებარა პატიმრების უსაფრთხოება და ბედი. ამ კითხვებს დღეიდან გაეცემა მკაფიო პასუხი: სასჯელაღსრულების სამინისტრო საკუთარ სასწავლო ცენტრში იწყებს სამართლებრივი რეჟიმის განყოფილების თანამშრომელთა მომზადების პროგრამას, რომელიც ევროკავშირის და ევროსაბჭოს მხარდაჭერით შემუშავდა. პროგრამის ფარგლებში ეტაპობრივად ყველა თანამშრომელი გაივლის თეორიულ და პრაქტიკულ მომზადებას და ჩააბარებს უმკაცრეს გამოცდას. ყველა კურსდამთავრებულს ექნება აუცილებელი ცოდნა და უნარები, რომ იმუშაოს ამ სისტემაში ეფექტურად და ადამიანის უფლებების დაცვის პირობებში უზრუნველყოს დისციპლინა და უსაფრთხოება.  ეს პროგრამა გახდება სტანდარტი ახალი თანამშრომლების შერჩევის და მომზადების პროცესში” - განაცხადა მინისტრის მოადგილემ.

ევროკავშირის წარმომადგენლობის პროექტების განყოფილების უფროსის მოადგილის, შტეფან შტორკის შეფასებით, აღნიშნული ტრენინგ-კურსი იქნება განმსაზღვრელი ახალი სტანდარტების დანერგვისა, ხოლო მიღებული გამოცდილება, გავრცელდება მთელ სისტემაზე. ვფიქრობ, რომ ის ადამიანები, რომლებიც გაივლიან ექვსთვიან კურსს, იქნებიან პიონერები, ადამიანის უფლებათა დაცვის სტანდარტებში. 

დღეისთვის სწავლას სამართლებრივი რეჟიმის 25 ოფიცერი შეუდგება, სასწავლო პროგრამას ეტაპობრივად, სასჯელაღსრულების სისტემის რეჟიმის ყველა თანამშრომელი გაივლის.